Atom Kids-ი პროდუქციის ამერიკაში ექსპორტზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნინო ბარამიძემ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენი კომპანია დღითი დღე იზრდება. გვყავს მომხმარებელი, რომელიც ექსპერიმენტების განვითარებაში აქტიურად არის ჩართული. ამჟამად, ახალ იდეებს ვამუშავებთ, ონლაინ პლატფორმის გამართვას ვიწყებთ და უახლოეს მომავალში, ახალ ექსპერიმენტებსაც დავამატებთ. ეს საშუალებას მოგვცემს, მრავალფეროვანი პროდუქცია წარმოვადგინოთ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტის კუთხით უკვე მოლაპარაკებების დასრულების პროცესში ვართ ამერიკასთან და სულ მალე სწორედ აქ იქნება Atom Kids-ის პროდუქცია წარმოდგენილი.“ - აღნიშნა ნინო ბარამიძემ.
Atom Kids ბავშვებსა და მშობლებს საშუალებას აძლევს, ლაბორატორიის გარეშე, ამა თუ იმ მოვლენებს სახლის პირობებში დააკვირდნენ. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებლებს 12 ექსპერიმენტს სთავაზობს, რომლებიც STEAM დარგების პოპულარიზაციას ემსახურება და მოიაზრებს მათ შორის მეცნიერებაზე, მათემატიკასა და ინჟინერიაზე ყურადღების გამახვილებას.
"Atom Kids-ის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გახდეს ჩვენი მეცნიერი, რომლისთვისაც განვახორციელეთ 100 000 ლარიანი ინვესტიცია. ექსპერიმენტები ადაპტირებულია 3-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისათვის, სრულიად უსაფრთხოა და ექსპერიმენტის ჩასატარებელი ყველა ატრიბუტი მოჰყვება.“ - განმარტავს ნინო ბარამიძე.
მისივე თქმით, Atom Kids-ი აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში, მათი მთავარი მიზანია ცნობადობის ამაღლება და მომხმარებლის მოზიდვა.
ცნობისთვის, Atom Kids-ი 2018 წლიდან მომხმარებლებს შემეცნებით ექსპერიმენტებს სთავაზობს, რომლებიც STEAM დარგების პოპულარიზაციას ემსახურება და მოიაზრებს მათ შორის მეცნიერებაზე, მათემატიკასა და ინჟინერიაზე ყურადღების გამახვილებას. კომპანიის საწარმო გათავსებულია სოფელ ნატახტარში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული.