მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაციის დონემ მოსალოდნელზე მაღალ, 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია

62a6e1e17a18f
გიორგი თოლორდავა
13.06.22 11:23
1186
აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება - გასულ თვეს ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, ერთ თვეში 0.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ერთწლიან ჭრილში აღნიშნული მაჩვენებელი 6%-იან ნიშნულს აღწევს.

ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად დაჩქარება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის დაგეგმილზე მეტად გამკაცრებას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირას FED-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზო პუნქტით გაზრდაა პროგნოზირებული, ხოლო წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსი ინტერვენციაა დაგეგმილი.

ფედერალური რეზერვისა და ხაზინის პროგნოზები ეყრდნობოდა იმ დაშვებას, რომ აშშ-ში ინფლაციის დონე მაქსიმალურ ნიშნულს აპრილში მიაღწევდა და მაისიდან სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია შენელდებოდა, თუმცა სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გასაჯაროებული მონაცემები საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს - ქვეყანაში ინფლაცია არათუ შენელდა, არამედ მოსალოდნელზე მეტად დაჩქარდა.

ეკონომისტების განმარტებით, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა რამდენიმე ძირითად მიზეზთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა: პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის უპრეცედენტო შემსუბუქება; მთავრობის მიერ ფინანსური დახმარების პაკეტების გაცემა; მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვა; რუსეთ-უკრაინის ომი და კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებისა და სურსათის მკვეთრი გაძვირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები