მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში ჯარისკაცს მადუროს დაკავებაზე დადებული ფსონით $400 ათასის მოგების გამო ბრალი წაუყენეს

maduro

აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალების უფროსი სერჟანტი ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს შეპყრობის ამერიკულ სამხედრო მისიასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო გამოყენებისთვის დააკავეს.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, მან ეს ინფორმაცია საპროგნოზო ბაზრების პლატფორმა Polymarket-ზე უკიდურესად მოგებიანი ფსონების განსათავსებლად გამოიყენა.

მათი ინფორმაციით, სერჟანტი განონ კენ ვან დაიკი "ჩართული იყო იმ ოპერაციის აბსოლუტურ დაგეგმვასა და განხორციელებაში", რომლის ფარგლებშიც იანვრის დასაწყისში მადურო და მისი მეუღლე, სელია ფლორესი დააკავეს.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში გასაჯაროებული საბრალდებო დასკვნის თანახმად, 38 წლის ვან დაიკმა, ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე, $33 000 მადუროს დაკავების ოპერაციის ვადებსა და შედეგებზე დადო დადო, რადგან იცოდა, რომ შეერთებული შტატები მადუროს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას ფარულად გეგმავდა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ამ ფსონებით ვან დაიკმა თითქმის $410 000 მოიგო.

ვან დაიკი, რომელიც არმიაში 2008 წლიდან მსახურობს, მას შემდეგ დააკავეს, რაც პლატფორმა Polymarket-ის პოპულარობა გაიზარდა და გაჩნდა რისკები, რომ ადამიანები შიდა (ისაიდერულ) ინფორმაციას პლატფორმებზე ფსონების დასადებად იყენებენ.

ხუთშაბათს ვან დაიკის დაკავების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში Polymarket-მა აღნიშნა: "გასულ თვეში ჩვენ გამოვაქვეყნეთ ბაზრის კეთილსინდისიერების გაძლიერებული წესები ინსაიდერულ ვაჭრობასთან საბრძოლველად. როდესაც აღმოვაჩინეთ მომხმარებელი, რომელიც საიდუმლო სამთავრობო ინფორმაციით ვაჭრობდა, საქმე იუსტიციის დეპარტამენტს გადავეცით და გამოძიებასთან ვითანამშრომლეთ. ინსაიდერული ვაჭრობისთვის Polymarket-ზე ადგილი არ არის. დღევანდელი დაკავება ადასტურებს, რომ სისტემა მუშაობს."

სისხლის სამართლის საბრალდებო დასკვნის თანახმად, 26 დეკემბერს მან შექმნა Polymarket-ის ანგარიში და დაიწყო ვაჭრობა იმ ბაზრებზე, რომლებიც მადუროსა და ვენესუელას უკავშირდებოდა.

ამის შემდეგ ვან დაიკმა Polymarket-ზე ფსონები 27 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დადო - ანუ კარაკასზე თავდასხმის წინა დღეებში, რაც მადუროს დაკავებით დასრულდა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ყველა ეს ფსონი "კი" პოზიციას ირჩევდა კონტრაქტებზე, რომელთა თანახმადაც: 2026 წლის 31 იანვრისთვის აშშ-ის ძალები ვენესუელაში იქნებოდნენ; მადურო ამ დროისთვის თანამდებობას დატოვებდა; აშშ ქვეყანაში 31 იანვრამდე შეიჭრებოდა; ან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ქვეყნის წინააღმდეგ "საომარი უფლებამოსილებების აქტს" აამოქმედებდა.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ "კი" წილების შედარებით მცირე, $100-ზე ნაკლები ღირებულების შესყიდვების შემდეგ, ვან დაიკმა მკვეთრად გაზარდა ფსონების ოდენობა და მადუროს დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 2 იანვარს $26 000-ზე მეტი დადო.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისმა ფსონებმა გაამართლა და დადებულ თანხაზე 12-ჯერ მეტი მოგება მოიტანა, ვან დაიკმა სავარაუდოდ მოგების დიდი ნაწილი უცხოურ კრიპტოვალუტის საცავში გაგზავნა, სანამ მას ახალ ონლაინ საბროკერო ანგარიშზე შეიტანდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვან დაიკს ბრალად ედება კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაციის უკანონო გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით, არასაჯარო სამთავრობო ინფორმაციის მოპარვა, საქონლითა და ფასიანი ქაღალდებით თაღლითობა, ელექტრონული თაღლითობა და გარკვეული უკანონო საქმიანობიდან მიღებული ქონებით ფულად ტრანზაქციებში მონაწილეობა.

თუკი ის ყველაზე მძიმე დანაშაულში (ელექტრონული თაღლითობა) დამდნაშავედ იქნა ცნობილი, მას 20 წლამდე, ხოლო დანარჩენ ბრალდებებზე თითოეულისთვის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები