ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კრიპტობირჟა Kraken-ის წინააღმდეგ გამოძიება და საქმის წარმოება შეწყვიტა.
ფედერალური უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც კრიპტოინდუსტრიის რეგულირების მიმართულებით წნეხის შემსუბუქებას ითვალისწინებს.
მარეგულირებლის განცხადებით, Kraken-ის წინააღმდეგ საქმე დახურულია და საკითხთან დაკავშირებით დავა აღარ გაგრძელდება, კომპანიას არც პასუხისგება მოუწევს და არც ჯარიმა დაეკისრება.
კრიპტობირჟის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ 2023 წელს აღიძრა და მაშინ მარეგულირებელი კომისია ამტკიცებდა, რომ წლების განმავლობაში Kraken-ის სავაჭრო პლატფორმა აშშ-ის ბაზარზე სპეციალური ლიცენზიის გარეშე ოპერირებდა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენდა.
Kraken-ის ხელმძღვანელობის მტკიცებით, კრიპტობირჟას ყველა ის ლიცენზია ჰქონდა მიღებული, რომლის მოპოვება ქვეყანაში იმ დროს შეიძლებოდა, რაც ბრალდებას უსაფუძვლოდ აქცევდა.
ამასთან, შეგახსენებთ იმასაც, რომ ორი წლის წინ, მარეგულირებელმა კომისიამ Kraken-ს 30 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა, თუმცა ეს სხვა საქმესთან იყო დაკავშირებული.
კომისიის განმარტებით, 2019 წლიდან მოყოლებული, Kraken-ი ნებართვის გარეშე, არალეგალურად ეწეოდა სტეიკინგ საქმიანობას და ამით კლიენტებს ფინანსური საფრთხის წინაშე აყენებდა. საკუთარი კრიპტოაქტივების დელეგირების სანაცვლოდ Kraken-ის მომხმარებლები წლიურ 20%-იან ამონაგებს იღებდნენ, რაც კრიპტოინდუსტრიის სტანდარტებითაც კი უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. მარეგულირებლის განმარტებით, აღნიშნულ აქტივებს კომპანია რა სტეიკინგისთვის, არამედ ტრეიდინგისა და საკრედიტო საქმიანობისთვის იყენებდა, რაც მომხმარებლებისთვის რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა.
უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით დავა დასრულებულია და კომპანიამ შესაბამისი ჯარიმა უკვე გადაიხადა.