ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა სამუშაო ადგილების უახლესი სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2026 წლის იანვარში აშშ-ში 130,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც ორჯერ გადააჭარბა იმ მოლოდინს, რაც ანალიტიკოსებს ჰქონდათ. აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნების ფონზე, ცნობილი გახდა, რომ 4.4%-იდან 4.3%-მდე შემცირდა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი. როგორც ირკვევა, ძირითადად სამუშაო ადგილები ჯანდაცვისა და სამშენებლო სექტორებში გაჩნდა.
შრომის ბიუროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7%-ითაა გაზრდილი ხელფასებიც საათობრივი მომსახურებისთვის. ოქსფორდის ეკონომისტების შეფასებით, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების გასაჯაროება ფედერალურ რეზერვს უბიძგებს, შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკა და არ შეამციროს საპროცენტო განაკვეთი. როგორც ცნობილია, მსგავსი ცვლილებების განხორციელება სწორედ მაშინ ხდება საჭირო, როცა ქვეყანაში სამუშაო ძალა მცირდება ან არ აკმაყოფილებს იმ მოლოდინებს, რაც ბიზნესსა და მთავრობას აქვთ.
ანალიტიკოსების ნაწილისთვის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა კითხვის ნიშნებსაც აჩენს, რადგან მათი გათვლები, საშუალოდ, 65,000-70,000 ახალ სამუშაო ადგილზე ჰქონდათ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმის დადგენა, არის ეს 2026 წლის ახალი ტენდენცია თუ სტატისტიკური ანომალია, მხოლოდ თებერვალ-მარტის მონაცემების გასაჯაროების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ კომპანიების მიერ დაწყებულ რესტრუქტურიზაციაზე და სამსახურებიდან თანამშრომლების გაშვებაზე, რაც უმუშევრობის მაჩვენებლების მატებას უნდა იწვევდეს, თუმცა ამჟამად ეს შედეგები მათ გაურკვევლობის განცდას უჩენს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ შედეგით პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილო იქნება. არა სამუშაო ადგილების მატების გამო, არამედ იმის გამო, რომ ცენტრალურ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების მიზეზი მიეცემა. ეს კი პრეზიდენტისთვის მიუღებელია.




























