მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში ქართულ ნახევარფაბრიკატებზე მოთხოვნა წლიურად 10-15%-ით იზრდება - „ქართველი“ 50 შტატში ოპერირებს

ქართველი

ქართული ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „ქართველი“, რომელიც ამერიკის ბაზარზე ოპერირებს, აცხადებს, რომ ყოველწლიურად ქართულ ნახევარფაბრიკატებზე მოთხოვნა 10-15%-ით იზრდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მალხაზ მაისაშვილმა, BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კომპანია 2020 წელს ქართველმა შეფმა $100 000-ის ინვესტიციით ნიუ-ჯერსიში დააარსა და ამ დროისთვის, აშშ-ის 50 შტატში ჰორეკა სექტორს 4 სახეობის ხინკლითა და 2 სახეობის ხაჭაპურით - იმერულითა და აჭარულით ამარაგებს.

„ჩვენ ვართ USDA-სა და FDA-ს მიერ ლიცენზირებული კომპანია, რაც გვაძლევს მასშტაბური გაყიდვის უფლებას მთელ ამერიკაში. ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც სარესტორნო სექტორში, ისე ონლაინ. დღიურად დაახლოებით 200 კილოგრამ ხინკალსა და 300-500 ცალ ხაჭაპურს ვაწარმოებთ.

ამჟამად, კომპანიაში დაახლოებით 20 ადამიანია დასაქმებული, ხოლო წარმოება ყოველწლიურად სტაბილურ ზრდას განიცდის. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ქალაქური ხინკალია, რომელიც ღორისა და საქონლის ხორცის ნარევით მზადდება “, - აცხადებს მაისაშვილი და დასძენს, რომ მათ ვებგვერდზე ერთი ცალი ხინკლის ფასი $1.30-დან იწყება.

მისივე ინფორმაციით, „ქართველი“ ამ ეტაპზე სამ დისტრიბუტორთან თანამშრომლობს, რომლებიც ჯამში დაახლოებით 200 მარკეტს ამარაგებენ, თითოეული კი 35-40 ობიექტზე ახორციელებს რეალიზაციას. კომპანია შვილობილ კომპანიებსაც ფლობს, მათ შორის „ქართველი NY“-ს და ქართულ გასტრონომიულ აკადემიას ნიუ-ჯერსიში, სადაც ადგილობრივები სპეციალურ გადამზადებას გადიან. ამასთან, კომპანია ამჟამად თანამშრომლობს ასევე MMA-ს მებრძოლ, მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებულ ბრენდ „ნამუსთან“, რომლისთვისაც სპეციალურად ამზადებენ პროდუქტს, რომელიც 50-ვე შტატში იყიდება როგორც მარკეტებში, ისე გამოძახებით, ფიზიკური პირებისთვის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის მიზანია მომდევნო წლებში ყველა შტატში საკუთარი ფილიალების გახსნა, რათა ადგილზე რეალიზაციაც შესაძლებელი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები