აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. 6 თვეში ამერიკის ბაზარზე 3.8 მლნ დოლარის 653,825.01 ლიტრი ღვინო გავიდა, რაც წლიურ ჭრილში 53%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
"საქსტატის" მონაცემებით, აშშ-ში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი წლის პირველ ნახევარში თითქმის 46%-ით გაიზარდა და თუ 2023 წლის 2 კვარტალში 2.6 მლნ იყო, წელს ამ მაჩვენებელმა 3.8 მლნ დოლარს გადააჭარბა.
1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი წლიურად შემცირებულია და 5.9 დოლარი შეადგინა. შარშან ეს მაჩვენებელი 6.2 დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ტოპ - 10 ქვეყანას შორის სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება აშშ მე-6 ადგილზეა.
წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. 6 თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის გაყიდვით რეკორდული 156 მილიონ 573 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 24.2%-ით აღემატება.