ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია წელს კიდევ უფრო გააქტიურდება. ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები კომპანიებთან Colangelo & Partners და Glodow Nead Communication გააფორმა.
„აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგნეტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის კლების პირობებში, გადაზიდვები აშშ-შიც შემცირდა. საქართველომ ამერიკაში 955 795 ლიტრი ღვინის გაყიდვით 5 მილიონ 901 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. კლება 17% იყო. შემცირების ტენდენცია 2026 წლის იანვარშიც გაგრძელდა და ამერიკაში ამ პერიოდში 257 ათასი დოლარის 31 662 ლიტრი ღვინო გაიყიდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს“, - ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
მათივე ინფორმაციით, Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს. აღნიშნულ კომპანიასთან ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.
კომპანიასთან Glodow Nead Communication თანამშრომლობას სააგენტო მიმდინარე წლიდან იწყებს. Glodow Nead Communication 1974 წელს კალიფორნიაში დაარსდა და ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პრემიალურ PR სააგენტოდ ითვლება, რომლის ძირითადი სერვისებია სტრატეგიული ბრენდინგი, PR, ბრენდის კონტენტის შექმნა და დამკვიდრება ყველა მნიშვნელოვანი მედია პლატფორმის საშუალებით.
ცნობისთვის, 2025 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 3%-ით 267 მილიონ 910 ათას დოლარამდე შეუმცირდა. ადგილობრივად წარმოებული ეს პროდუქტი TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგში 3.7%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებს. ღვინის ექსპორტის კლება 2026 წლის იანვარშიც გაგრძელდა. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან 12,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 105 476 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის პირველ თვეში 12,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 243 466 ლიტრი. მონაცემები გაცილებით მეტი იყო 2024 წლის იანვარში.




























