აშშ-ში ახალი კანონის მიხედვით, სიგარეტის მიყიდვა 21 წლამდე პირთათვის აკრძალული იქნება. კანონს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა და ამ ფაქტს "ტვიტერზეც" გამოეხმაურა.
საკვებისა და წამლების უსაფრთხოების ადამინისტრაციის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებისმიერი ტიპის სიგარეტის მიყიდვა 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის არალეგალური გახდება, მათ შორის სიგარებისა და ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციაც.
როგორც CNN წერს, სიგარეტის გაყიდვების შემცირებას დიდი ხანია სხვადასხვა სენატორები უჭერდნენ მხარს, მათ შორის მიჩ მაკკონელი, მიტ რომნი, ტოდ იანგი, რიჩარდ დურბინი, ტიმ კეინი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე შტატს ზღვრული ასაკი უკვე აწეული ჰქონდა, თუმცა, ამიერიდან ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
"ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ბავშვებზე, ამიტომაც მინიმალურ ასაკს 21 წლამდე გავზრდით. გარდა ამისა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ ელექტრონულ სიგარეტზეც" განაცხადა ტრამპმა.