დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ის არასოდეს დაუშვებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ციფრული დოლარის, იგივე CBDC-ის ამოქმედებას.
„ამერიკელების წინაშე პირობას ვდებ, რომ ქვეყნის მოსახლეობას ყოველთვის დავიცავ სამთავრობო ტირანიისგან. CBDC არის რეალური საფრთხე, რომელიც ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას, სწორედ ამიტომ, პირობას ვდებ, რომ ფედერალურ რეზერვს არასოდეს მივცემ ციფრული ვალუტის შექმნის და ამოქმედების საშუალებას“, - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.
CBDC ქვეყნის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტაა, რომელიც ნაღდი ფულის ევოლუციას წარმოადგენს. ამჟამად CBDC-ის შექმნაზე პლანეტის თითქმის ყველა ცენტრალური ბანკი მუშაობს, მათ შორის, ამერიკის ფედერალური რეზერვიც.
კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.
ცენტრალიზაციის ასეთი მაღალი დონე ხშირად კრიტიკის საგანი ხდება, რადგან ნაღდი ფულისგან განსხვავებით, ეროვნულ ბანკს დისტანციურად შეუძლია ნებისმიერ ტრანზაქციის დაბლოკვა და ანგარიშების გაყინვა, რაც კონფიდენციალურობასთან და ადამიანის თავისუფლებასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება და ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.