მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Yangzi Realty ამოქმედდა - ფილიალის გახსნა საქართველოშიც იგეგმება

60cb4c00e2561
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.21 22:18
1626
Yangzi Realty International - უძრავი ქონების საკონსულტაციო და საბროკერო კომპანია ამერიკაში მცხოვრებმა, დარგში 20 წლის გამოცდილების მქონე ქართველმა ავთანდილ ჩხეიძემ, მიმდინარე წლის იანვარში დააფუძნა. მისი მიზანი საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში 10-10 წლიანი გამოცდილების გაერთიანება და ერთ - გლობალურ კომპანიაში თავმოყრაა.

აშშ-ში მსხვილი უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიები Cushman & Wakefield, RIPCO Real Estate, Massey Knakal, ONE Commercial და სხვა - ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ავთანდილ ჩხეიძე წლების განმავლობაში მუშაობდა. დღეს კი დაგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით საკუთარი ბიზნესის ამოქმედება და უძრავი ქონების გაყიდვებში ახალი პრაქტიკის დანერგვა გადაწყვიტა.



BM.GE-სთან საუბრისას ავთანდილ ჩხეიძე განმარტავს, რომ აშშ-ში და ასევე გლობალურად, ბევრი კომპანია მხოლოდ კომერციული, ან საცხოვრებელი უძრავი ქონების კუთხით ოპერირებს, ხოლო Yangzi Realty International ამ მიმართულებებს გააერთიანებს და მომხმარებელს დივერსიფიცირებულ პორტფელს შესთავაზებს.

„კომპანია ოფიციალურად იანვარში დავარეგისტრირეთ, თუმცა ოპერირება მაისში დავიწყეთ და ნიუ-იორკის შტატში კონკრეტული პროექტები, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ფართების კუთხით უკვე აღებული გვაქვს. ამჟამად მათი მარკეტინგი მიმდინარეობს. კომპანია მხოლოდ ამერიკის ბაზარზე არ იქნება ორიენტირებული და მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. იანგზი - ჩინეთის ყველაზე დიდი მდინარეა და მის სანაპიროებზე ასობით ქალაქია აშენებული, ამ სახელის შერჩევით ჩვენი ორიენტირი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იშლება. ამერიკის ბაზრის ათვისების შემდეგ გვინდა, რომ ინვესტორები აზიის ბაზარზეც მოვიძიოთ და ამით კომპანიის არეალი გავაფართოვოთ, ასევე ამერიკულ კომპანიებს აზიის და ევროპის ბაზრებზე კონსულტაცია შევთავაზოთ. უპირველეს მიზანს, რა თქმა უნდა, აშშ-ში თავის დამკვიდრება და ბაზრის ათვისება წარმოადგენს. ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, კონექტიკუტი და ფლორიდა - ჩვენს საკონსულტაციო და საბროკერო მომსახურებას სწორედ ამ შტატებიდან ვიწყებთ. ჩვენი მიზანია ორგანულად გავიზარდოთ, რისთვისაც საწყის ეტაპზე 1 მლნ დოლარია ინვესტიცია დაგვჭირდება. ეს ფინანსური რესურსი სრულად თითოეულ შტატში კომპანიის დასარეგისტრირებლად და ოფისების გახსნისთვის დაიხარჯება“, - აღნიშნავს Yangzi Realty-ს დამფუძნებელი.


უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ქართველი ამბობს, რომ საქართველოსთან მისი კავშირი უწყვეტია და კომპანიის შექმნისა და ფორმირების პროცესში საქართველოში არსებულ ადამიანურ რესურსს იყენებენ. შესაბამისად, კომპანიის ლოგო და ვებგვერდი სწორედ საქართველოში მზადდება. თუმცა სამშობლოსთან კავშირი ავთანდილ ჩხეიძესთვის აქ არ სრულდება. დარგის სპეციალისტი აცხადებს, რომ აშშ-ს ბაზრის ათვისების შემდეგ კომპანია 2022 წლის პირველ კვარტალში ამერიკული გამოცდილებისა და სტანდარტების კომპანიის ფილიალის გახსნას საქართველოშიც გეგმავს.

„როგორც გითხარით ჩვენი მიზანი დივერსიფიცირებული საკონსულტაციო და საბროკერო მომსახურების გლობალურ დონეზე გაფართოებაა და პირველი ქვეყანა აუცილებლად საქართველო იქნება. საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია და წლების განმავლობაში ბაზრის განვითარებას ვაკვირდები. მას შემდეგ რაც კომპანიის დაფუძნების და საქართველოში მისი ფილიალის გადაწყვეტილება მივიღეთ, ბაზრის მოკვლევა დეტალურად დავიწყე. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბაზარზე საკონსულტაციო და საბროკერო მომსახურების ნაწილში ქაოტური პროცესები მიმდინარეობს და ბაზარი დაურეგულირებელია - არაორგანიზებული გაყიდვები, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევა, ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი სახელშეკრულებო პირობები. შევეცდებით, რომ ბაზარზე ამ მიმართულებით არსებული სირთულეები, გამოწვევები ჩვენი გამოცდილებითა და ამერიკული სტანდარტებით გამოვასწოროთ. მნიშვნელოვანია, რომ Yangzi Realty საქართველოში მომხმარებელს უძრავი ქონების შეფასების უფასო სერვისს შესთავაზებს, რაც ვფიქრობ, ბაზარზე ქონების შეფასების პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმს და ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვას, რაც ქვეყანას ასე სჭირდება“, - განაცხადა ავთანდილ ჩხეიძემ.

საქართველოს შემდეგ სამიზნე ბაზრად Yangzi Realty-ს ესპანეთი აქვს შერჩეული. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს მათ საშუალოვადიან გეგმებში შედის, თუმცა მუშაობა და ბაზრის შესწავლა უკვე დაწყებული აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები