მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში უმუშევრობის დონე გაიზარდა - რას ნიშნავს ეს გლობალური ბირჟებისთვის?

63660d960f2f4
გიორგი თოლორდავა
05.11.22 16:00
702
ფედერალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით უმუშევრობის დონე 3.5%-დან 3.7%-მდე გაიზარდა.

სერთო ჯამში, ერთ თვეში აშშ-ში დასაქმებულთა რაოდენობა 261,000-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ დაფიქსირებული ზრდის მინიმალური მაჩვენებელია.

სამსახურიდან დათხოვნისა და დასაქმების მონაცემებს შორის ბალანსის დარღვევა ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდას იწვევს, რაც აშშ-ის ფედერალური რეზერვისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ეკონომიკური ინდიკატორია.

საქმე ისაა, რომ FED-ი ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ყველაზე აქტიურად სწორედ უმუშევრობისა და დასაქმების მონაცემებს აკვირდება. დასაქმების ძლიერი ტენდენცია FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკა შედარებით აგრესიული ტემპით გაამკაცროს, უმუშევრობის დონის ზრდა კი - პირიქით, ის FED-ს აიძულებს, კონსერვატიულ სტრატეგიაზე გადაერთოს და რეფინანსირების განაკვეთი არა, მაგალითად, 75-100 საბაზრო პუნქტით, არამედ 25-50 პუნქტით გაზარდოს.

ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და ქვეყანა რეცესიის ნიშნებამდე არ მივა. ამ შემთხვევაში, უმუშევრობის დონის ზრდა სწორედ იმ ინდიკატორთაგანია, რომელიც FED-ს საკუთარი სტრატეგიის გადახედვას აიძულებს.

რაც შეეხება საფონდო ბირჟებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმუშევრობის დონის ზრდას ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ, რადგან ის FED-ს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უბიძგებს, რაც, საბოლოო ჯამში, ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ზოგადად, კომპანიების აქციების, კრიპტოაქტივების, უძრავი ქონებისა თუ სხვა ტიპის აქტივების აღმასვლა პირდაპირაა დამოკიდებული FED-ის მონეტარულ პოლიტიკაზე, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტორები სარისკო აქტივებში თანხის დაბანდებისგან თავს იკავებენ და მაქსიმალურად ცდილობენ არა ქონების ზრდას, არამედ მის შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა. გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 3.75-4.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.

საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა 75-75 საბაზო პუნქტებით - მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები