ვალენტინობის დღეს აშშ-ში მომხმარებელთა ხარჯები წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. ასეთია ნაციონალური საცალო ფედერაციის (NRF) შეფასება, რომლის ინფორმაციითაც დღესასწაული კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამომხმარებლო პერიოდად რჩება.
NRF-ისა და Prosper Insights & Analytics-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელი მომხმარებლები ვალენტინობისთვის ჯამში დაახლოებით 29,1 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავენ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2025 წლის რეკორდულ 27,5 მილიარდ დოლარს. საშუალოდ ერთ ადამიანზე დაგეგმილი ხარჯი 199,78 დოლარს შეადგენს, რაც ასევე ისტორიულ მაქსიმუმად სახელდება.
კვლევის თანახმად, ამერიკელთა დაახლოებით 55% გეგმავს ვალენტინობის დღის აღნიშვნას. მათგან 83% საჩუქარს განსაკუთრებული ადამიანისთვის შეიძენს, რაზეც დაახლოებით 14,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. ამასთან, მომხმარებელთა 58% გეგმავს საჩუქრების ყიდვას ოჯახის სხვა წევრებისთვის - შვილებისთვის, მშობლებისთვის, და-ძმებისთვის - რაც დაახლოებით 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მომხმარებელთა დაახლოებით მესამედი საჩუქრებს მეგობრებისთვისაც შეიძენს (2,4 მილიარდი დოლარი), ხოლო ბავშვების თანაკლასელებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ხარჯი 2,2 მილიარდ დოლარს აღწევს. კოლეგებისთვის საჩუქრებზე 1,7 მილიარდი დოლარის დახარჯვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 35% მომხმარებელი გეგმავს საჩუქრების შეძენას საკუთარი შინაური ცხოველებისთვისაც - ამ კატეგორიაში ხარჯი 2,1 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნევა.
საჩუქრებს შორის ყველაზე პოპულარული ტკბილეულია - მომხმარებელთა 56% შოკოლადისა და სხვა ტკბილეულის შეძენას გეგმავს. მას მოსდევს ყვავილები და მისალოცი ბარათები (41%), საღამოს გართობა (39%) და სამკაულები (25%). თუმცა, თანხობრივად ყველაზე დიდი მოცულობის ხარჯი სწორედ სამკაულებზე მოდის და დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საყიდლების არხებს შორის ლიდერობს ონლაინ-ვაჭრობა - მომხმარებელთა 38% საჩუქრებს ინტერნეტით შეიძენს. პოპულარულია ასევე მოლები (35%), ფასდაკლების ქსელები (30%) და სპეციალიზებული მაღაზიები (21%).
NRF-ის შეფასებით, ხარჯვის ზრდა ასახავს არა მხოლოდ მომხმარებლების მზაობას მეტი დახარჯონ, არამედ ტენდენციას, რომ ვალენტინობის დღე სულ უფრო ფართო სოციალური წრისთვის აღინიშნება - პარტნიორების გარდა, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და შინაური ცხოველებისთვისაც.
NRF-ის პუბლიკაციას ადასტურებს Statista-ს მონაცემებიც, რომელიც 2009 წლიდან 2026 წლის პერიოდში აჩვენებს, რომ „ვალენტინობა“ აშშ-ში რჩება ერთ-ერთ ყველაზე მეტად სამომხმარებლო ხარჯებთან დაკავშირებულ დღესასწაულად და მისი მნიშვნელობა საცალო სექტორში ყოველწლიურად მატულობს.





























