აშშ-ისა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ხელშეკრულების საბოლოო დეტალები პარასკევს გასაჯაროვდება. აღნიშნული შეთანხმება ძალაში დონალდ ტრამპის თანხმობის შემდეგ შევა. სავაჭრო ხელშეკრულების მიზანს აშშ-ის მიერ შვეიცარიულ საქონელზე დაწესებული ტარიფების შემცირება წარმოადგენს. ცნობისათვის, შვეიცარიულ საქონელზე ამჟამად 39%-იანი ტარიფია დაწესებული.
ოფიციალური ბერნი იმედოვნებს, რომ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ადგილობრივი საქონელი აშშ-ის ბაზარზე 15% ტარიფით ისარგებლებს. ცნობისათვის, 15% ტარიფი ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებზე მოქმედებს.
დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში გაიღეს, მოიცავდა ამერიკული შეიარაღების შესყიდვისა და ენერგეტიკის სფეროში მყოფი კომპანიებისათვის შვეიცარიული ბაზრის გახსნის დაპირებებს. შვეიცარიული მხარის მიზანი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საიუველირო და საათების ინდუსტრიების პოზიციების შენარჩუნებაა.
ცნობისათვის, სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ გავრცელებული ამბის შემდეგ შვეიცარიული კომპანიების აქციების ღირებულება გაიზარდა. შვეიცარიული ფრანკი ევროსთან მიმართებით გამყარდა და 10-წლიანი მაქსიმუმი დააფიქსირა.




























