ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო TURAN-ის კორესპონდენტ, ალექსი რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს.
"აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ რუსულ-აფხაზური "შეთანხმების რატიფიცირების" დოკუმენტი გასულ კვირას დაამტკიცა. სოხუმის აეროპორტი რუსმა ინვესტორმა უნდა აღადგინოს.
სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის სამართავად გადაცემის ფაქტს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის უკანონო ქმედების საპასუხოდ მტკიცე რეაქციისკენ მოუწოდა.