ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობას მაისის ბოლომდე აშშ-თან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია აქვს დაგეგმილი.
"ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს და მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება. რა და როგორ ამაზე დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ვნახავთ, რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის", - უთხრა პრემიერმა ჟურნალისტებს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ში მთავრობა შეიცვალა, საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არიან და აშშ-ის მხარის საპასუხო ნაბიჯებს ელოდებიან. წინა, დემოკრატების მთავრობამ საქართველოსთან შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე გამოიყენა სანქციები, სანქცირებულია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თავდაპირველ ვადად [კომუნიკაციის აღდგენის] აპრილი დასახელდა, კობახიძე ამბობს, რომ აპრილზე მას არაფერი უთქვამს და კვლავ გაიმეორა, რომ მაისიდან "არაერთი კომუნიკაცია" იგეგმება.
"მე ასეთი ვადა არ მითქვამს... ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე. აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით", - ამბობს კობახიძე.
1 აპრილს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ "აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები".




























