ამერიკის შეერთებული შტატები ომში მყოფ უკრაინას დამატებით $1 მილიარდს გამოუყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. ბლინკენის თქმით, ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის დახმარების სურვილს ცხადყოფს. “ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, უკრაინას საკუთარი მომავლის შექმნაში დაეხმაროს”, - განაცხადა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
საინტერესოა, რომ თანხა, რომელსაც ამერიკა უკრაინას გამოუყოფს სანქცირებული რუსი მილიარდერების აქტივებსაც მოიცავს. ეს თანხა, ჯამურად, $5.4 მილიონს შეადგენს და ის უკრაინელი ვეტერანების დასახმარებლად შექმნილი პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება. “იმ ადამიანებმა, ვინც პუტინის ომი შესაძლებელი გახადეს, შესაბამისი საფასური უნდა გადაიხადონ”, - განაცხადა ბლინკენმა.
საერთო ჯამში, უკრაინაში ომის დაწყების, ანუ 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $43 მილიარდის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო.