მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ უკვე ზღვაში მყოფი რუსული ნავთობის შესყიდვას დროებით უშვებს

რუსული ნავთობი

ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით, ხუთშაბათს აშშ-მა ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შესყიდვა დროებით დაუშვა - წერს CNBC.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ეს არის "ვიწროდ მიზნობრივი, მოკლევადიანი ღონისძიება", რომელიც ვრცელდება მხოლოდ ტრანზიტში მყოფ ნავთობზე.

CNBC-ის ინფორმაციით, 12 მარტის მდგომარეობით გლობალურად 30 წერტილში, ზღვაში რუსული წარმოშობის დაახლოებით 124 მილიონი ბარელი ნავთობია, რაც დაახლოებით 5-6 დღის მარაგია.

"ნავთობის ფასების დროებითი ზრდა არის მოკლევადიანი და დროებითი შეფერხება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ერსა და ეკონომიკას უზარმაზარ სარგებელს მოუტანს", - აღნიშნა ბესენტმა.

ირანის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად მერყეობდა, ორშაბათს კი ბარელის ფასი თითქმის 120 დოლარს მიუახლოვდა.

ხუთშაბათს Brent-ის ფასი ბარელზე 100 დოლარზე ოდნავ მაღალ ნიშნულზე დაიხურა მას შემდეგ, რაც ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტილს დატოვებს. ბესენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროებითი ღონისძიება "რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს" არ მოუტანს.

ხაზინის მდივნის თქმით, ეს იმით არის განპირობებული, რომ მოსკოვი ენერგეტიკული შემოსავლების ძირითად ნაწილს მოპოვების ეტაპზე დაწესებული გადასახადებიდან იღებს.

ხაზინის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ გამონაკლისი გავრცელდება რუსულ ნედლ ნავთობზე, რომელიც გემებზე აღმოსავლეთის დროით ღამის 12:01 საათამდე ჩაიტვირთა, ხოლო შესყიდვები ნებადართულია 11 აპრილის ღამის 12:01 საათამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები