მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი - კახა კალაძე

თბილისის მერი

"ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია - აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი", - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ის დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი,“ — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ თავად ექსპრემიერი გააკეთებს განმარტებას, თუმცა მან საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა:„დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს განმარტებას. მე კი გეუბნებით ჩემს დამოკიდებულებას — ჩვენ ვამბობთ და გავიმეორებ: ურთიერთობების გადატვირთვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა იყოს პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა და არა ასეთი, როგორიც წლების განმავლობაში გვქონდა.“

კალაძე ამბობს, რომ სანქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქცია, უსამართლოა და პოლიტიკური შინაარსის მატარებელია:

„დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი, თან რის გამო?! იმის გამო, რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები. არავის მივეცით საშუალება, საქართველოში განმეორებულიყო ის, რაც უკრაინაში მოხდა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ეს ჩვენი მოვალეობაა“, - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ: აშშ-ის საელჩოს 27 მაისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე, სადაც ელჩ დანიგანს ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა გადაეცა. განცხადების თანახმად, ელჩმა ივანიშვილთან შეხვედრა სენატორ რუბიოს თხოვნით ითხოვა, რათა საქართველოს მთავრობისთვის კონკრეტული ნაბიჯები გაეცნო — იმ ფონზე, როცა ვაშინგტონში მზადყოფნაა ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ: „იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს.“

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრას არჩევნების შემდეგ აპირებს. როგორც მაშინ ივანიშვილმა თქვა „როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები