აშშ-ის ელჩი NATO-ში მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ უნგრეთისგან ელიან, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე უარს იტყვის.
"იცით, რომ უნგრეთს მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით არ აქვს გეგმა და არ გადაუდგამს არცერთი ქმედით ნაბიჯი. ამიტომ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას, ასევე მათ მეზობლებთან, როგორიცაა ხორვატია და სხვები, იმისთვის, რომ რუსული ენერგიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ“, - განაცხადა უიტაკერმა Fox News-თან ინტერვიუში.
აშშ-ის ელჩი განმარტავს, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს უნგრეთს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში.
უკრაინაში ომის პირობებშიც კი უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული რჩება და ამიტომ აშშ-ის სანქციებს რუსულ ნავთობზე, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მომდევნო კვირაში დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება და რუსული ენერგორესურსების სანქციების საკითხს განიხილავს.
„ჩვენ ვმსჯელობთ, როგორ შევქმნათ მდგრადი სისტემა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე. მათ გარეშე ენერგიის ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც გამოიწვევს დეფიციტს", - განაცხადა ორბანმა.




























