აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დეესკალაციისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერისგან მიიღო გზავნილი, რომ „რუსები მზად არიან მოლაპარაკებებისთვის“. უიტკოფი და კუშნერი 5 სექტემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ, შემდეგ კი კიევში ჩავიდნენ.
ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლების ვიზიტების მიზანი დიპლომატიური პროცესის „განბლოკვა“ იყო. მისი თქმით, განხილული იდეები ენერგეტიკულ და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურას, მარცვლეულის გადაზიდვებსა და ნავთობისა და გაზის ექსპორტს მოიცავს.
„ვფიქრობ, პუტინს ტრამპი სჭირდება. მას მისი განაწყენება არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს შეუძლია მოსკოვზე დეესკალაციისთვის ზეწოლა მოახდინოს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის „ზამთრის პაკეტს“, რომელიც საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკულ დახმარებას ითვალისწინებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სექტემბერსა და ოქტომბერში დიპლომატიური პროცესის განახლებას შეეცდება. მისი თქმით, განიხილება როგორც აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები, ასევე აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.




























