კომპანია „ასკანელი“ ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი უგლავამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იმისდა მიუხედავად, რომ კომპანია თბილისსა და კახეთში, კერძოდ ყვარელში ორ საწარმოს ფლობს, გასულ წელს წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით 16%-იანმა ზრდამ, ახალი საწარმოს აშენებისა და საწარმოო სიმძლავრეების ზრდის საჭიროება განაპირობა.
„ახალი საწარმო ჩვენს საკუთრებაში არსებულ 2 ჰა მიწაზე კახეთში, ბაკურციხეში აშენდება, რომელშიც დაახლოებით 15 მლნ ლარიანი ინვესტიციით განხორციელდება. პირველ ეტაპზე, დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და მასში 30-40 ადამიანამდე იქნება დასაქმებული.
ჩვენ ყველა საწარმოში სხვადასხვა ოპერაციას ვასრულებთ. მაგალითად, ყვარელში პირველადი საწარმო გვაქვს, სადაც მოსავლის აღება და ღვინო მასალის დამზადება, ხოლო თბილისში ამ პროდუქციის ჩამოსხმა ხდება. ახალი ქარხანაც სწორედ პირველადი ქარხნის ფუნქციას შეასრულებს, სადაც მოსავლის აღება და ღვინის მასალის დისტილაცია მოხდება, ანუ სპირტად გარდაქმნის პროცესი განხორციელდება, რომლიდანაც ბრენდისა და ჭაჭას მომზადება ხდება“, - აცხადებს უგლავა.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, გადამუშავებული ნედლეული საკუთარი ვენახების მხოლოდ 10%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი ვენახების მოძიება ადგილობრივი მეურნეობებიდან ხდება. მისივე ცნობით, გასულ წელს, ყველა პროდუქციაზე ფასების დაახლოებით 7-15%-იანი ზრდა მოუწიათ, რაც ცუდი მოსავლით იყო განპირობებული.
რაც შეეხება სიახლეებს, უგლავას ინფორმაციით, 2023 წელს კომპანიამ ქვევრის ღვინოების ასორტიმენტი გაზარდა ისეთი ღვინოებით, როგორიცაა კახური მწვანის ქვევრის ღვინო, რომელმაც IWCS-ზე ოქროს მედალი მიიღო, ასევე ოცხანური საფერის ქვევრის ღვინო და კლასიკური ტექნიკით დამზადებული ცქრიალა ღვინოები, როგორც თეთრი, ისე ვარდისფერი. მიმდინარე წელს, კომპანია ღვინის მიმართულებით ასორტიმენტის გაზრდას კვლავ გააგრძელებს, ხოლო სპირტიანი სასმელების მიმართულებით, ჯინის დამატება იგეგმება, რომელზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, კომპანიას შპს "ასკანელი ძმები" ბაზარზე მრავალწლიანი ისტორია აქვს და ამ დრომდე 40-მდე დასახელების ღვინოს, ასევე ბრენდისა და ჭაჭას აწარმოებს.