კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში „ასკანელი“ Trademark Collection by Wyndham-ის ბრენდის სასტუმროს პირველი ბლოკის გახსნას 2025 წლის გაზაფხულზე გეგმავს. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია და ის 70-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ასკანელის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ პირველი ეტაპისთვის სასტუმროში 46 ნომერი იფუნქციონირებს, ხოლო შემდეგ 60 ნომერი დაემატება.
106-ოთახიანი Trademark Collection by Wyndham-ის ბრენდის სასტუმრო ღია მოსასვენებელ ადგილებს, სივრცეებს აქტივობისა და დასვენებისათვის, სპა ცენტრს და ფიტნეს კლუბს, აუზსა და ბარს, კახურ ეზოს და ასკანელის რესტორანს მოიცავს. მეორე ეტაპზე კი საკონცერტო და საკონფერენციო დარბაზები დაემატება. დამფუძნებლის გეგმაშია სასტუმროს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ვილების აშენება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა, სტუმრებისთვის დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფა. კომფორტი და გართობა.
სტუმრებისთვის სასტუმროში მოეწყობა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ასკანელის რესტორანი, სპა და ფიტნეს ცენტრი, აუზი და ბარი. გარე სივრცეები, სადაც სტუმრები შეძლებენ ეზიარონ რეგიონის კულტურას და კულინარიას, იქნება ექსკურსიები ღვინის საწარმოში და სხვა მრავალი ღონისძიებები. სასტუმრო გათვლილი იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო მასშტაბით საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტებზე“, - აღნიშნა გოჩა ჩხაიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ „ასკანელში“ კახეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას ჯერ კიდევ 2022 წელს გეგმავდნენ, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, პანდემიამ და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომმა ბიზნესის გეგმები დააკორექტირა.
„პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა თავდაყირა დააყენეს ბიზნესის წარმოების პროცესი, რაც ჩვენს კომპანიაზეც აისახა. მოგვიწია ხედვების, ბიზნეს პროცესების მორგება არსებულ რეალობაზე, რაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენმა კომპანიამ შეძლო პროცესების სწორად დალაგება და 2025 წელს გაიხსნება ასკანელის სასტუმრო ყვარელში“, - განაცხადა ჩხაიძემ.