მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასკანელი“ წელს 15 000 ტონა ყურძნის ჩაბარებას გეგმავს - როგორ მიმდინარეობს რთველი?

ასკანელი

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ წელს 15 000 ტონა ყურძნის ჩაბარებას გეგმავს. რთველი 2024-ის მიმდინარეობაზე BMG-სთან კომპანიის დირექტორმა ირაკლი უგლავამ ისაუბრა. კომპანია კერძო მევენახეებისგან ყურძნის მიღების პარალელურად, მოსავალს საკუთარი ვენახებიდანაც მიიღებს.

„წელს ქვეყანაში ყურძნის ძალიან კარგი მოსავალია. კომპანიაში 15 000 ტონა ყურძნის მიღება გვაქვს დაგეგმილი, საიდანაც ნახევარი ღვინის, ნახევარი კი სპირტის დასამზადებლად მიიმართება. ყურძენს სამ ლოკაციაზე ვიღებთ - ყვარელში, სანავარდოში და ბაკურციხეში, სადაც ჩვენი ახალი ქარხანა გავხსენით. ჩასაბარებელი ყურძნის 40% უკვე მიღებული გვაქვს, რაც 6 000 ტონაზე მეტია, თუმცა ეს და მომდევნო კვირა რთველის პროცესში ყველაზე აქტიური იქნება, როდესაც კახეთიდან მიღება ფაქტობრივად უნდა დავასრულოთ. 20 სექტემბრის შემდეგ კლიმატური პირობების გამო, რაჭაშიც რთველი ნაადრევად დავიწყეთ და ახლა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი იკრიფება“, - აღნიშნა ირაკლი უგლავამ.

„ასკანელი“ ღვინის წარმოებისას თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს. ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგია კომპანიამ ქვევრის ღვინის წარმოებაში დანერგა, რის შესახებაც ირაკლი უგლავამ BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულთან“ დეტალურად ისაუბრა.

„86 ქვევრია, სადაც ვიღებთ პრემიალურ ყურძენს ქვევრის ღვინისთვის. თითოეულ ქვევრზე დახვეულია სპირალი, რომელშიც მოძრაობს ფრეონი, იმისთვის რომ ღვინის დუღილისას თითოეულ ქვევრში რა ტემპერატურაც გვინდა, ის ტემპერატურა იყოს. ეს სისტემა ცენტრალიზებულია და აპარატზე გამოტანილია მონაცემები თითოეულ ქვევრში რა ტემპერატურაა. ეს ხელს უწყობს უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოებას“, - აღნიშნა ირაკლი უგლავამ და იქვე თქვა, რომ სისტემის მუშაობისთვის 150 ტონიანი მაცივრის შესაძენად კომპანიამ 150 000 ევროს ინვესტიცია ჩადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები