ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობა დატოვა ე.წ. პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა.
„ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით [თვითაღიარებული] რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის მიხედვით აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ ვაცხადებ“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ბჟანიამ ხელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერა.
მხარეებს შეთანხმების მიხედვით, ბჟანიამ გადადგომის შესახებ განაცხადა, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც სამთავრობო შენობებს იკავებენ, 19 ნოემბერს დაიშლებიან: "აღნიშნული პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ ბრძანებას უკან იხმობს".
სამშაბათს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი განიხილავს ბჟანიას განცხადებას. ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილებას კი ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. ე.წ. პრემიერის ადგილზე ინიშნება პარლამენტის ექს-სპიკეტი ვალერი ბგანბა. "მოქმედი მინისტრები ასრულებენ მოვალეობას, მანამდე სანამ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არ აირჩევა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღით ადრე ასლან ბჟანიამ გადადგომის მზაობა იმ პირობით გამოთქვა, თუ პროტესტის მონაწილეების სამთავრობო შენობებს დატოვებდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ გეგმავდა.
EchoKavkaza წერს, რომ ასლან ბჟანიას გადადგომა ოპოზიციამ აიძულა. 15 ნოემბერს სოხუმში, რუსულ-აფხაზური „საინვესტიციო ხელშეკრულების“ გაპროტესტებისას, აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის მიმდებარე ღობის ნაწილი დაშალეს და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ, შემდეგ კი პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს.