აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, მხოლოდ მას შემდეგ რაც პროტესტის მონაწილეები სახელმწიფო შენობების კომპლექსიდან გავლენ. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ მომხრეებს, მშობლიურ სოფელ ტიმიშში განუცხადა. ამასთან, ბჟანიამ ისიც თქვა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის თავისი კანდიდატურის წამოყენებისთვისაც მზად არის.
„აფხაზეთის კანონიერად აღიარებული პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რათა პარლამენტმა პრეზიდენტის გადადგომის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღოს. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. მეორე მხრივ კი თუ მას მაინც მიიღებენ, გადაწყვეტილებას არ შესრულდება. არ მინდა რომ შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ძალაუფლებას ვეჭიდები. არა, მინდა გითხრათ: თუ განვითარების კონსტიტუციური ფორმები არ იქნება, თუ კონსტიტუციას არ დავიცავთ, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ, მათ ვინც შენობები დაიკავა, ისინი ვინც სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადნენ, უნდა დატოვონ შენობები, რის შემდეგაც მზად ვარ დავნიშნო არჩევნები, გადავდგე და წავიდე არჩევნებზე. ქვეყნის მართვას ვიცე-პრეზიდენტი ჩაიბარებს. და ხალხმა თქვას, ვის უჭერს მხარს. დაე სიმართლე გახდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის შედეგი“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
„ეხო კავკაზა“ წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი ოპოზიციის პროტესტის გამო თანამდებობიდან ვადაზე ადრე ორჯერ გადადგა. 2014 წლის პირველ ივნისს თანამდებობიდან გადადგა ალექსანდრე ანქვაბი. იმ დროისთვის კონფლიქტი საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთის პასპორტების გაცემით იყო გამოწვეული.