მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ASML-ი 2026 წლის შემოსავლების პროგნოზს ზრდის

ASML

ნიდერლანდურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ASML-მა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, სადაც მონაცემებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა.

თუ ბაზარი კომპანიისგან 8.5 მილიარდი ევროს მოცულობის შემოსავალს ვარაუდობდა, რეალურმა მაჩვენებელმა 8.8 მილიარდი ევრო ($10.4 მლრდ.) შეადგინა.

ამასთან, ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული 2.5 მილიარდის ნაცვლად, მიკროჩიპების მწარმოებელი აღჭურვილობის შემქმნელი კომპანიის წმინდა მოგება 2.8 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ფინანსური მაჩვენებლების ზრდის მთავარი განმაპირობებელი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის უპრეცედენტო მატება გახდა. როგორც ირკვევა, კვარტალის განმავლობაში ახალი დანადგარების გაყიდვების 51% სწორედ მეხსიერების ჩიპების მწარმოებლებზე მოვიდა, მაშინ როცა წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 30% იყო. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ყველაზე დიდი წილი, 45% სამხრეთ კორეაზე მოდის, სადაც Samsung-ი და SK Hynix-ი ოპერირებენ. რაც შეეხება ტაივანს, TSMC-ის მიერ შეძენილი პროდუქციის მოცულობამ საერთო გაყიდვების მხოლოდ 23% შეადგინა.

ძლიერი კვარტალური შედეგების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობამ 2026 წლის პროგნოზის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და მოსალოდნელი შემოსავლების ზედა ზღვრად 40 მილიარდი ევრო დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების მხრიდან მზარდი მოთხოვნა კომპანიის საწარმოო შესაძლებლობებს აღემატება, კომპანია ვარაუდობს, რომ დეფიციტის შემთხვევაში ის ფასებს მცირედით გაზრდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროპის საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ, მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა, ASML-ის აქციების ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა. როგორც ირკვევა, მიზეზი გახდა ის, რომ ინვესტორები კომპანიისაგან ძლიერ კვარტალურ შედეგებს წინასწარ მოელოდნენ, შესაბამისად, მათ აქციები ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე შეიძინეს და რეალური ზრდაც სწორედ მაშინ დაფიქსირდა. ცნობისთვის, ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 950 ევროს შეადგენს, კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 375 მილიარდ ევროს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები