ნახევარგამტარების მწარმოებელი დანადგარების შემქმნელი ტექნოლოგიური გიგანტის, ASML-ის შემოსავალმა 2026 წლის მესამე კვარტალში რეკორდული €11.66 მილიარდი შეადგინა.
არსებული ინფორმაციით, კომპანიის წმინდა მოგება €4.96 მილიარდამდე გაიზარდა, ერთ აქციაზე გათვლილი მოგება (EPS) კი €12.95-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგები გასულ წელს დაფიქსირებულ €9.33 მილიარდის შემოსავალსა და €2.92 მილიარდის წმინდა მოგებას მკვეთრად აჭარბებს.
გასაჯაროებული დოკუმენტით ცნობილი გახდა ისიც, რომ კვარტალის ბოლოს კომპანიის ფულადი სახსრები და მოკლევადიანი ინვესტიციები €12.74 მილიარდამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ცალკეულ სეგმენტებს, დანადგარების ბაზის მართვისა და სერვისების მიმართულებიდან (Installed Base Management) შემოსავალმა €3.29 მილიარდი შეადგინა. როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 113 ახალი და 8 მეორადი ლითოგრაფიული სისტემა გაყიდა. შედეგად, კომპანიის მთლიანი მარჟა 57.5%-მდე გაზარდა.
ASML-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, კრისტოფ ფუკეს განცხადებით, პარტნიორები ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე მოთხოვნის პროგნოზებს აქტიურად ზრდიან, რის გამოც ტექ-გიგანტში მოელიან, რომ 2029 და 2030 წლებისთვის შემოსავლები დამატებით გაიზრდება.
უახლოეს პერსპექტივაში, კერძოდ, 2026 წლის მეოთხე კვარტალში ხელმძღვანელობა €14.2 მილიარდიდან €15.2 მილიარდამდე შემოსავალს და დაახლოებით 57%-იან მთლიან მარჟას პროგნოზირებს. რაც შეეხება ფისკალურ 2026 წელს, ASML-ში ვარაუდობენ, რომ ჯამურად ამ პერიოდისთვის გაყიდვების მოცულობა €44 მილიარდიდან და €45 მილიარდამდე იქნება.
ცნობისთვის, ASML-ი ჩიპების წარმოებისთვის საჭირო უახლესი ლითოგრაფიული დანადგარების უმსხვილესი გლობალური შემქმნელია.
























