მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, EU-ის კანონმდებლობასთან დაახლოების 55%-ია შესრულებული - პრემიერის ანგარიში

კობახიძე

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, EU-ის კანონმდებლობასთან დაახლოების 55%-ია შესრულებული, - ამის შესახებ პრემიერის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

საქართველოს მთავრობამ პრემიერ ირაკლი კობახიძის მოხსენება პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მთავრობის მეთაურს პარლამენტში 28 ივნისს მოუსმენენ.

„საანგარიშო პერიოდში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევა გასწია როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით.

მთლიანობაში მიღებულ იქნა 25-მდე ახალი საკანონმდებლო აქტი და განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები კანონმდებლობის აღსრულების კუთხით ევრორეგულაციების და ევროდირექტივების შესაბამისად. შედეგად, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა. საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით.

ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოში განხორციელებული ევროკავშირის სანქციების საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის, დევიდ ო’სალივანის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის, კუმარ იერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის სამსახურის უფროსის, ჯიმ ო’ბრაიენის სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველომ, დასავლელ პარტნიორებთან სანქციების საკითხში თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი, რომლის დელეგაციაში ასევე იმყოფებოდა სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი. ასევე აღსანიშნავია, ევროკომისარ ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონის ვიზიტი, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრი ელჩების სტუმრობა საქართველოში, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის,ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების ვიზიტი და სხვა. 2023 წლის 1 ივნისს ქ. კიშინეუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში, ხოლო 2023 წლის 5 ოქტომბერს − ქ. გრანადაში მესამე სამიტში. საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო მაღალი დონის ვიზიტებით ქ. ბრიუსელში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ირაკლი კობახიძის ანგარიშში წერია, რომ 2024 წლის 20 თებერვალს ქ. ბრიუსელში გამართულ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ასოცირების საბჭოს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს. მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის აღიარებაა და მიმოიხილეს ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა. კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

რაც შეეხება იმას რა ეტაპზეა ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატობის მოლაპარაკებების გახსნისთვის წარდგენილი 9 პუნქტის შესრულება, პრემიერის ანგარიშში მხოლოდ ამას ვკითხულობთ: „გრძელდებოდა მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, გაიმართა საქარველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 5 სხდომა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები