ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, AstraZeneca-მ ჩინეთის ეკონომიკაში 15 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების გეგმა წარადგინა. კომპანიის მიერ გაკეთებული აღნიშნული განცხადება პირდაპირ უკავშირდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთში.
საინვესტიციო პაკეტი მოიცავს ჩინეთში წარმოების გაფართოებას, ახალი კვლევითი ცენტრების მშენებლობასა და ადგილობრივ ბიოტექნოლოგიურ სტარტაპებთან პარტნიორობას.
AstraZeneca-სთვის ჩინეთი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ბაზარია, სადაც კომპანია უკვე წლებია უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
როგორც ცნობილია, ახალი ინვესტიცია ფოკუსირებული იქნება ინოვაციური მედიკამენტების შექმნაზე ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: კიბო და გულსისხლძარღვთა პათოლოგიები.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, პასკალ სორიოს განცხადებით, ჩინეთის სამეცნიერო პოტენციალი და ბაზრის მასშტაბები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ AstraZeneca აზიის მიმართულებით განვითარებას გააგრძელებს.



























