გასული კვირის ბოლოს ტეხასში მომხდარ წყალდიდობას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად კი რამდენიმე ათეული მიიჩნევა. შტორმი და ძლიერი წვიმა ორ დღეს გაგრძელდა შტატის მთიან ტერიტორიაზე, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალდა მდინარე გვადალუპეს სანაპიროზე გაშენებული გოგონათა საზაფხულო ბანაკი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ - 10 მათგანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ოფიციალური უწყებები სტიქიას “ასწლოვან წყალდიდობად” მოიხსენიებენ.
ცენტრალურ ტეხასში წყალდიდობა უჩვეულო მოვლენა არ არის - ციცაბო რელიეფის, ტროპიკული ტენიანობისა და შტორმების კომბინაციის ფონზე სტიქია განსაკუთრებით ხშირია ივლისის თვეში. მიუხედავად ამისა, მეტეოროლოგები მიიჩნევენ, რომ გასული კვირის მოვლენა შტატისთვის უჩვეულოა: რამდენიმესაათიანი წვიმის შემდეგ მდინარე გვადალუპეს სიმაღლემ 2-დან 9 მეტრს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
წლებია, მეცნიერები ამინდის ექსტრემალური მოვლენების გამწვავებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ოკეანეების დათბობა ევროპასა და ამერიკაში შტორმების გახშირებას იწვევს. გასულ წელს, ასევე დადასტურდა, რომ ცენტრალურ ევროპაში მომხდარი წყალდიდობების ალბათობა კლიმატის ცვლილებამ ორჯერ უფრო გაზარდა - იგივე ეფექტი იკვეთება ტეხასშიც. მექსიკის ყურეში წყლის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის, ტროპიკული შტორმ „ბარის“ ნარჩენებისა და მის გასაფანტად წყლის ნაკადის არარსებობის კომბინაციამ ტეხასში უკიდურესი ტენიანობა გამოიწვია - ეს გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ ისტორიული წყალდიდობა მოსალოდნელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ტეხასში წყალდიდობები უცხო არაა, გასული კვირის მოვლენები ადასტურებს, რომ პლანეტის მომავალი უფრო მეტი სტიქიითაა სავსე, რომელთა პროგნოზირებაც უფრო რთულდება. კლიმატის ცვლილება ამინდის კანონზომიერებას ცვლის და იმისთვის, რომ ქვეყნები “ისტორიულ” ბუნებრივ მოვლენებს გაუმკლავდნენ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებები სჭირდებათ.




























