მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ასურეთში მდებარე რესტორანი "სადგური" ქორწილების ორგანიზებას იწყებს - გეგმები

სადგური

თბილისთან ახლოს, ქართულ-გერმანულ სოფელ ასურეთში მდებარე რესტორანი „სადგური“ მომსახურების არეალს აფართოებს და 2026 წლიდან ქორწილების სრულ ორგანიზებას იწყებს. ამის შესახებ BM.GE-ს „სადგურის“ დამფუძნებელმა რუსუდან ბარათაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აქამდე ობიექტი კერძო ღონისძიებებსა და ქორწილებს არ მასპინძლობდა, თუმცა გაზრდილი მოთხოვნისა და ინტერესის ფონზე, ამ მიმართულების დამატება გადაწყვიტეს.

„2026-ში გადავწყვიტეთ, რომ ქორწილებიც დავამატოთ. აქამდე არ ვაკეთებდით ასეთ კერძო ღონისძიებებს - უფრო კორპორატიულებზე ვიყავით ორიენტირებული. ქორწილებზე მოთხოვნა იყო, თუმცა გამოცდილება არ გვქონდა და ასევე, გარკვეული შეზღუდვებიც გვქონდა – მაგალითად, ობიექტი 23:00 საათამდე მუშაობს. ახლა ვცდილობთ, ამ პირობებშიც შევთავაზოთ მომხმარებლებს ქორწილის სრული ორგანიზება“, – ამბობს ბარათაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილია ორი ქორწილი, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში გაიმართება. რესტორანში აღნიშნავენ, რომ პარალელურად აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების მიმართულების განვითარებაზეც. 2026 წელს „სადგური“ კვლავ „ოქროსფერი ფესტივალის“ ჩატარებას გეგმავს, რომელიც წელს უფრო მასშტაბური იქნება.

„წინა „ოქტობერფესტმა“ დაგვანახვა, რომ ფესტივალებზე დიდი მოთხოვნაა. წელს გვინდა, უფრო გავაფართოოთ ფორმატი. თუ აქამდე ყველაფერი ერთ სივრცეში ხდებოდა, ახლა ვფიქრობთ, რამდენიმე ლოკაცია დავამატოთ, რათა გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული იყოს“, - აღნიშნავს ბარათაშვილი.

მისი თქმით, ახალი სერვისებისა და ღონისძიებების გაფართოებით „სადგური“ მიზნად ისახავს, სტუმრებს თბილისთან ახლოს მრავალფუნქციური დასვენებისა და ღონისძიებების სივრცე შესთავაზოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები