თვითმმართველობის საკითხებში სპეციალისტის ირაკლი მელაშვილის მოლოდინით, ე.წ. რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ მუნიციპალიტეტებში არაერთი პროგრამა გაჩერდება.
როგორც ირაკლი მელაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, თუკი საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ კანონზე უარს არ იტყვის, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებას შეაჩერებენ. მისი თქმით, შედეგად, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაზარალდება.
თვითმმართველობის საკითხებში სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ე.წ. რუსული კანონის მთავარი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლი, მათ შორის მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი გავლენის შემცირებაა.
არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თავისი ქვეყნის გადასახადის გადამხდელის ფულს არ გადაიხდის იმ ჯარიმებში, რომელიც მათ უკანონოდ მიაჩნიათ და ისინი უბრალოდ გააჩერებენ ამ საქმიანობას. მუნიციპალიტეტებში ბევრი ჯანდაცვის პროგრამა შეჩერდება, მათ შორის პროექტები, რომლებიც შშმ პირებს ეხება, შეჩერდება კულტურული, ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტებში არ იქნება, პროექტები გაჩერდება ცენტრალურ დონეზეც. სახელმწიფომ შეიძლება სერიოზული ზარალი ნახოს უკვე მომავალ წელს, თუკი ეს პოლიტიკა ასე გაგრძელდება. მით უმეტეს თუ ამას მოყვა ის, რისთვისაც ეს ყველაფერი გაკეთდა. ეს კანონი იმიტომ მიიღეს, რომ არჩევნებზე არასამთავრობო სექტორის გავლენა შეასუსტონ. თუ ამას არჩევნების ცუდად ჩატარება მოჰყვება, შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნება.
ჩვენთან რატომღაც პოლიტიკოსები მხოლოდ იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ეს კანონი ევროინტეგრაციაში შეგვიშლის ხელს. თუმცა იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რა შედეგებს მოიტანს კანონი ქვეყნის შიგნით. ათობით ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩება, ძალიან დიდი მოცულობის ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება ბევრი ადამიანი, რადგან ბევრი პროგრამა სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ეს კანონი გასაუქმებელია, სანამ დიდი უბედურება არ დაწყებულა ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.