მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ლიბერთი
22.12.23 17:06
130

ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი - NASA-ს საზაფხულო სკოლაში გამგზავრება - გუნდმა “TerraTech“ მოიპოვა. მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი მოსწავლეებმა მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად შექმნეს. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და სენაკის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება.

მეორე ადგილის მფლობელი თბილისის N199 საჯარო სკოლის გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“ გახდა. გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) „iD Tech“ ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას. მოსწავლეების მიერ შექმნილი პორტატული მოწყობილობა ნაბეჭდ ტექსტებს უსინათლო ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტით თარგმნის.

მესამე ადგილი და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), შვეიცარიაში სასწავლო ვიზიტი მოიპოვა გუნდმა „Optical Visionaries”. თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გამარჯვებულები შვეიცარიაში ლიბერთი ბანკის დაფინანსებით გაემგზავრებიან.

“ლიბერთი უკვე მესამე წელია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში STEM მიმართულების განვითარებას. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ახალგაზრდა თაობა აქტიურად ზრუნავს გარემოს დაცვაზე, შრომის უსაფრთხოებაზე და შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა გამარჯვებული იდეა ემსახურება ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია”, - განაცხადა თამარ ზაქარიაძემ.

ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა. გუნდი „Halove” კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2013 წლიდან ვახორციელებთ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას. მასში უკვე 3000 მოსწავლეს აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა უმრავლესობა STEM დარგებს უკავშირებს თავის მომავალს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ყველა მხარდამჭერს. მათი ხელშეწყობით, წელს კონკურსში გამარჯვებული ოთხი გუნდი აშშ-სა და ევროპის საუკეთესო STEM პროგრამებში მიიღებს მონაწილეობას.“ - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„სამინისტროს პრიორიტეტია ხელი შეუწყოს მსგავს ინიციატივებს, დაანახოს ახალგაზრდებს თუ რა პოტენციალი არსებობს STEM პროფესიებში. კონკურსში მონაწილეთა უმეტესობა საკუთარ პროფესიას სწორედ STEM დარგებში აგრძელებს, რაც უდავოდ ძალიან დიდი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ჩვენს ახალგაზრდებში,“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით წელს მეცხრედ ჩატარდა.

„აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულნი ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები,“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა.

წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო დარგებში წარმოადგინეს. კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, საქპატენტმა, ჯეოლაბმა, აკადემია „ლეტერატომ“ და კომპანია allmarket.ge-მ ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები პრიზებით დააჯილდოვეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. დეტალებისთვის იხ.: www.millennium.org.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები