მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატელიე „ციმ-ციმ“-ი გაფართოების მიზნით თანამშრომლების აყვანას გეგმავს

63b520aa54eac
თინათინ ნატმელაძე
04.01.23 10:43
7410
სამი წლის წინ შექმნილი ატელიე "ციმ-ციმ"-ი გაფართოებას აპირებს. როგორც მისმა დამფუძნებელმა ანა აბაშიძემ bm.ge-ს განუცხადა, იგეგმება ატელიეს სხვა უფრო დიდ სივრცეში გადატანა, რათა პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის პარალელურად, შესაძლებელი გახდეს მეტი ადამიანის დასაქმება.

ანა აბაშიძემ დაახლოებით ორი წლის წინ შვილის გაჩენის შემდეგ სამსახურის დატოვება და პირადი საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა. ასე შეიქმნა ტექსტილის ატელიეც. ანა პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერია, ასევე, მუშაობდა ბუღალტერიისა და ფინანსების მიმართულებით. როგორც ის ამბობს, ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ატელიეში ყველა საქმეს პირადად აკეთებს.

„2020 წელს გადავწყვიტე, რომ სამსახური დამეტოვებინა და ჩემი პირადი საქმიანობა დამეწყო. ამის მიზეზი ბავშვის გაჩენა და ბაზარზე მცირეწლოვანი ბავშვების დედებზე მორგებული სამუშაო პირობების არარსებობა გახდა. ხელსაქმე ბავშვობიდანვე მიყვარდა და ჰობი შემოსავლის წყაროდ მექცია. თავიდან მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვკერავდი აქსესუარებს, შემდეგ ახლობლებისთვის და იმდენად დიდი დაინტერესება იყო, რომ გადავწყვიტე შეკვეთებიც მიმეღო. ამ ეტაპზე ჩემი პატარა ატელიე მაქვს რუსთავში, ჩემივე სახლში, ყველა საქმეს მე ვაკეთებ. თუმცა, შეკვეთები ძალიან ბევრია, უკვე მარტო ვეღარ ავუდივარ, ამიტომ პირველ ეტაპზე დამატებითი კადრების აყვანა გადავწყვიტე, ალბათ ორ ადამიანს დავასაქმებ და რამდენიმე მსურველს საქმიანობას ვასწავლი, ხოლო შემდეგ უკვე საწარმოს სახლის გარეთ გადავიტან და უფრო გავაფართოვებ. ახლახან გამოვაცხადე ვაკანსია და უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღე, ბევრი კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანი მიკავშირდება", - განაცხადა ანა აბაშიძემ და დასძინა, რომ რამდენიმე ადამიანი უკვე დაასაქმა, თუმცა მსურველების ძიებას განაგრძობს.

მისივე თქმით, მსურველებს ატელიე სამუშაოს სთავაზობს როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურ რეჟიმში.

"წლის მიწურულს, ატელიემ ჰუმანური და თანამშრომლებზე ორიენტირებული ვაკანსიის ტექსტით და შინაარსით შესთავაზა გუნდის წევრობა როგორც კვალიფიციურ კადრებს, ასევე იმ დედებს, რომელთაც არ აქვთ ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ აქვთ სწავლის სურვილი და მონდომება. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სრულიად უსასყიდლოდ გაზიარების გარდა, ატელიემ შთამბეჭდავი შესაძლებლობა მისცა დედებს, რომელთაც შვილების ბაღის/სკოლის, სხვადასხვა წრეების ან თუნდაც ბაღამდელი ასაკის პატარების გაზრდისა და მოვლის შეთავსება უჭირთ სამსახურის დროსთან და გამოყო სივრცე, სადაც დედებს შესაძლებლობა აქვთ მიიყვანონ ბავშვები და მეთვალყურეობის ქვეშ, სამსახურის დასრულებამდე თან ჰყავდეთ. სივრცე შესაბამისობაშია მოყვანილი როგორც გასართობად, ასევე სამეცადინოდ ან დასასვენებლად", - ამბობს ანა.

მისივე თქმით, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ატელიეს სამუშაო კვირის მოდელი 4-დღიანია და შვებულების პერიოდების გარდა, გათვალისწინებულია დაუგეგმავი, 2-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ყოველთვიურად.

რაც შეეხება გამოწვევებს, „ციმ-ციმ“-ის დამფუძნებელი გვიყვება, რომ პროდუქციისთვის საჭირო ქსოვილები საქართველოში ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მწარმოებელ ქვეყნებში, ამიტომ შემდგომში მათ იმპორტირებას გეგმავს.

„ახლა ლილოს ბაზრობაზე დავდივარ და რამდენიმე დღის მარაგი მომაქვს, თუმცა ეს ქსოვილები საქართველოში ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ამიტომ ბიზნესისთვის მისი იმპორტირება ბევრად უფრო მომგებიანია და შემდგომში მათ შემოტანას ვგეგმავ.

ამ ეტაპზე 35%-იან მარჟაზე ვმუშაობ და აქსესუარების საფასურიც საკმაოდ დაბალია", - განმარტავს ანა აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, „ციმ-ციმ“-ის პროდუქციის შეძენა სოციალური ქსელის საშუალებითაა შესაძლებელი. ატელიე „აწარმოე საქართველოს“ მინიმალური 2 992 ლარიანი თანადაფინანსებით ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები