მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმის ფასმა მოლოდინი ვერ გაამართლა - "ქანდა აგრიქალჩერი" სეზონის შედეგებზე

ატამი

აგროკომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე Harvest-ის ბრენდით ოპერირებს, 2025 წლის ატმის მოსავალს აფასებს და აცხადებს, რომ წლევანდელმა ფასმა კომპანიის მოლოდინი ვერ გაამართლა.

როგორც „ქანდა აგრიქალჩერის“ წარმომადგენელმა, თამარ ბერულავამ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოულოდნელ ყინვას შეეწირა, რაც ექსპორტის გეგმებზეც უარყოფითად აისახა.

„წელს, დაახლოებით 100 ტონამდე ატამი ავიღეთ, ესპანური ჯიშის ატამი. რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდა, ვინაიდან ჩვენკენ ყინვები იყო. მოსავლის ნაწილი გაგვეყინა, ამიტომ საექსპორტო გეგმები გადაიდო და მიღებული მოსავალი, რისი დაკრეფაც შევძელით, ჩვენს პარტნიორ სუპერმარკეტებში გაიყიდა“, - ამბობს ბერულავა.

მისი თქმით, სეზონური ფასი 2.10-2.40 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის დაემთხვა, მაშინ როდესაც ბაზრის ზრდის ფონზე მაღალი ფასის მოლოდინი ჰქონდათ.

„მოლოდინი უფრო მეტის გვქონდა. ბაზარი როგორც წესი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა წელს ფასები ფაქტობრივად არ შეცვლილა. გასულ წელს უფრო მეტ ფასადაც კი ვყიდდით. შესაბამისად, იგივე ფასში მოგვიწია გაყიდვა, როგორც შარშან“, - დასძინა ბერულავამ.

„ქანდა აგრიქალჩერი“ 2021 წელს დაარსდა. კომპანიის საკუთრებაშია 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სოფელ ქანდაში, საიდანაც ამ ეტაპზე 110 ჰექტარია ათვისებული. ტერიტორიაზე გაშენებულია ნუშის, ატმის, ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ბალისა და გარგარის ბაღები.

აგროკომპანიამ ატმის გარდა ვაშლატამის მოსავალიც აიღო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, წელს მხოლოდ 4.5 ტონა ვაშლატამის აღება მოესწრო, დანარჩენი პროდუქცია კი ასევე ყინვებს შეეწირა.

ცნობისთვის, 2025 წლის 1 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 25.6 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 31.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 12%-ით (2.7 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 19%-ით (5.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები