მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ათობით ტაქსის მძღოლი აქციას მართავს და უცხოელი მძღოლებისთვის რეგულაციების შემოღებას ითხოვს

ტაქსი

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "ბოლტის", "მაქსიმისა" და "იანდექსის" ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. BM.GE-სთან ინტერვიუში, პროტესტის ორგანიზატორმა გურამ რთველიაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ტაქსის კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.

„პირველ რიგში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების შემოღებას ვითხოვთ. როგორც ევროპულ საკანონმდებლო დონეზეა, მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მართვის მოწმობა, წარმოადგინონ ნასამართლეობის ცნობა, რადგან ჩვენ არ ვიცით, როდესაც ის ადამიანი ქვეყნიდან წამოვიდა, რას წარმოადგენდა იქ. ამის გამო, მომხმარებლებსა და ჩვენს შორის წარმოიშვა უნდობლობა. ოთხი იურისტი გვყავს დაქირავებული ჩვენი ფინანსური ხარჯებით და ვმუშაობთ პეტიციაზე, რომელიც უნდა წარვადგინოთ საკანონმდებლო ორგანოებში.

[უცხო ქვეყნის მოქალაქეები] რეგისტრირდებიან წარმოუდგენელი მართვის მოწმობით, აქვთ ლიცენზია და მერიის სამსახური არ ინტერესდება, თუ ვინ ზის საჭესთან, ან ამ ადამიანს რეალურად აქვს თუ არა ლიცენზია. ამ საკითხშიც კონკრეტიკის ჩადებას ვცდილობთ, თუ არადა, ვითხოვთ რომ ეს ადამიანებიც ისევე დააჯარიმონ არალიცენზირებული საქმიანობის გამო 200 ლარით, როგორც ჩვენ გვაჯარიმებდნენ", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ტაქსის კომპანიების მხრიდან მათთდამი დამოკიდებულების კუთხით, ვინაიდან ბევრ ადგილობრივ მძღოლს ბლოკავენ და სანაცვლოდ უცხოელები აჰყავთ, რომელიც იაფ მუშა-ხელად ითვლება.

"ვაპროტესტებთ „ვოლტის“, „იანდექსის“ და „მაქსიმის“ ჩვენდამი დამოკიდებულებასაც, რადგან ძალიან დიდი დისკომუნიკაციაა. მგზავრი შეიძლება ცუდ ხასიათზე იყოს და ცუდი კომენტარი დაუწეროს მძღოლს, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ეკუთვნოდეს. შესაბამისად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მძღოლს სამუდამოდ ბლოკავენ. უცხო ქვეყნებიდან იაფი მუშახელის დიდი შემოდინებაა. შესაბამისად, კომპანიები ქართველი მძღოლების დისკრიმინაციას ეწევიან. კომპანიების ოფისიც არ არის, რომ მიმართო ადამიანმა. მხოლოდ წარმომადგენლობითი ოფისი ვიცით, რომელიც რეგისტრირებულია შპს „სმარტალის“ სახელით. ისინი კომუნიკაციას მაქსიმალურად გაურბიან. ბოლო 1 თვეში, დაახლოებით 500-მდე ქართველი მძღოლია დაბლოკილი. ჰყავთ თავიანთი ხალხი შემოგზავნილი, რომლებიც მანქანაში გისხდებიან და მგზავრობის შემდეგ, ისეთ კომენტარს წერენ, რომ მძღოლებს კომპანიები ბლოკავენ. სამუშაო ადგილები რომ თავისუფლდება, უკვე მარტივად შეუძლია ამ ე.წ. იაფ მუშახელის დასაქმება“, - აცხადებს რთველიაშვილი.

მისივე თქმით, დიდხნიანი მუშაობის შემდეგ, ტაქსის მძღოლების ნაწილი ქართულ სტარტაპ კომპანია "რაშთან" თანამშრომლობას გეგმავს. კომპანია გეგმავს, რომ მხოლოდ ქართველი მძღოლები დაასაქმოს.

„ამ კომპანიაში მხოლოდ ქართველი მძღოლები იმუშავებენ და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვერ დასაქმდებიან. მაქსიმალურად მორგებული პირობებია მძღოლისთვის. ეს ადამიანები ეცდებიან, რომ როგორც მძღოლის, ასევე მოქალაქეების უფლებებიც დაიცვან. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კარგი ის არის, რომ შეთანხმების თანახმად, მათ არ ექნებათ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ ჩვენ არ ჩაგვრთავენ მოლაპარაკებებში და ვერანაირ პოლიტიკას ვერ შეცვლიან“, - განმარტავს ორგანიზატორი.

bm.ge ცდილობს დაუკავშირდეს ტაქსის კომპანიებს. მათ პოზიციებს მკითხველს პასუხის მიღებისთანავე ვაცნობებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები