ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ადასტურებს, რომ ირანში ნათანზის ბირთვული ობიექტი დაიბომბა. კერძოდ, Reuters წერს, რომ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შედეგად დაზიანდა ნათანზის რაიონში მდებარე ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი მიწისქვეშა ქარხნის კონსტრუქცია.
„უახლეს ხელმისაწვდომ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, IAEA-ს ახლა უკვე შეუძლია დაადასტუროს ირანის ნათანზის მიწისქვეშა ქარხნის შესასვლელი ნაგებობების დაზიანება,“- ვკითხულობთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობითვე, რადიოლოგიური შედეგები მოსალოდნელი არ არის.
IAEA-ს დასკვნა ემთხვევა ამერიკული კვლევითი ცენტრის „მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის“ მიერ 2 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ორგანიზაციამ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ირანმა ისრაელისა და აშშ-ის მიერ ობიექტის დაბომბვაზე განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ეს ქარხანა დაზიანდა გასული წლის ივნისში ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროსაც.




























