მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 3000-ზე მეტი მცირე და საშუალო პროექტია მხარდაჭერილი - ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ჯამში, მცირე და საშუალო სექტორში 3000 პროექტზე მეტი არის მხარდაჭერილი, რაც, საინვესტიციო თვალსაზრისით, 3 მილიარდ ლარს აღემატება. სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ნადარეიშვილის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„სახეზე გვაქვს ის შედეგები, რომლებიც გამოარჩევს მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას - ეს არის თითქმის გაოთხმაგებული პროდუქციის გამოშვება, ასევე სამნახევარჯერ გაზრდილი დამატებითი ღირებულება, ორნახევარჯერ გაზრდილია ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში და დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი დასაქმება ამ სექტორში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მუდმივი ადაპტირება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით პრიორიტეტად რჩება და მომავალშიც გაგრძელდება.

„მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს. ამ სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ამ ეტაპზე, ცვლილებები შედის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ძირითად პროგრამებში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ სამომავლო განვითარებას“ - განაცხადა ნადარეიშვილმა "აწარმოე საქართველოშის" პროგრამებში შესული ცვლილებების შეფასებისას.

ეკონომიკის სამინისტრო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფართოებს - უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში. თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები