მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბიუჯეტიდან ₾12,2 მლნ ვერ აითვისა

635d5b646ced2
თამთა ჯიჯავაძე
30.10.22 09:00
637
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2020-2021 წლებში, ჯამურად, ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 12,231,675 ლარი. ამის შესახებ აღნიშნული საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის აუდიტის ანგარიშში წერია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბიუჯეტის დროული დაზუსტება და თანხის სხვა პროექტებზე გადანაწილება, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა, რაც ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.

„ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების შეუსრულებლობის მიზეზები შემდეგია:

- „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში 2020-2021 წლებში, ჯამში, აუთვისებელი დარჩა 5,584,148 ლარი, რაც ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებში შეუსრულებლობით (სამუშაოების შესრულების დაყოვნება მნიშვნელოვნად გამოწვეულია კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით), ასევე რიგი შესყიდვების პროცედურების დაგვიანებით დაწყებით და შესყიდვების უარყოფითი შედეგით დასრულებით, კერძოდ:

1. მიმწოდებელი კომპანიების ნაწილმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში სამუშაოების დასრულება, ასევე ღონისძიებების ნაწილში, შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზისა და ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაგვიანებით წარმოდგენის გამო, ვერ განხორციელდა ანაზღაურება, ჯამში, 3,664,300 ლარის ოდენობით. დარღვევების მაგალითებია: შუახევის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები − ღირებულებით 1,638,883.57 ლარი, ქედის მუნიციპალიტეტში − ღირებულებით 1,291,760.54 ლარი, ხულოს მუნიციპალიტეტში − ღირებულებით 3,182,052 ლარი. ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დაჯარიმდნენ, ხოლო ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 2,584,995 ლარი.

2. ცალკეულ შემთხვევებში ვერ მოხერხდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება ან ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. მაგალითად: ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ ახალი გზის მშენებლობის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაცია მოწოდებულ იქნა დაგვიანებით. 2021 წელს აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 500,000 ლარი, თუმცა, პროექტის დაგვიანებით მომზადებისა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის არსებობის გამო, დეპარტამენტმა მესამე კვარტალში უკვე იცოდა, რომ სამუშაოების შესყიდვის პროცედურები ვერ დაიწყებოდა მიმდინარე წელს, თუმცა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების დაზუსტება და სხვა პროექტებზე გადანაწილება არ უზრუნველყო. ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის გზაზე ნაპირსამაგრი ნაგებობით ასფალტბეტონის საფარის მოწყობის და შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარაპეტის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგებით, შესაბამისად, ვერ იქნა ათვისებული, ჯამში, 340,000 ლარი.

- „საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამაში 2020 – 2021წლებში აუთვისებელი დარჩა 4,730,908 ლარი. მოპოვებული ინფორმაციით, აუთვისებლობის მთავარი მიზეზი იყო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად გამოუყენებლობით, ასევე შემსრულებლების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობით და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერით, კერძოდ:

1. 2021 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი იყო 850, 000 ლარის ღირებულების სპეცტექნიკის შეძენა, რომლის შესასყიდად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 2021 წლის 21 სექტემბერს დასრულდა უარყოფითი შედეგით. დარჩენილ პერიოდში აღარ გამოცხადებულა ახალი ტენდერი.

2. სამშენებლო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სსიპ − ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 910,000 ლარის საზედამხედველო სამუშაოების შესყიდვა, საიდანაც ათვისებულ იქნა 277,867 ლარი, რაც განპირობებულია იმით, რომ ცალკეულ შემთხვევებში ვერ მოხერხდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება, გარდა ამისა, მიმწოდებელი კომპანიების ნაწილმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში სამუშაოების დასრულება. შესაბამისად, შეფერხდა საზედამხედველო სამუშაოებიც და ვერ იქნა ათვისებული ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები.

3. ჯამში 283,405 ლარის აუთვისებლობა გამოწვეულია იმით, რომ ბეტონის შესყიდვასთან დაკავშირებით, კომპანიებმა დროულად არ წარმოადგინეს ლაბორატორიული დასკვნები, რამაც შეაფერხა ანგარიშსწორების პროცედურები, ხოლო ერთ-ერთმა კომპანიამ ვერ მოახერხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მზა ბეტონის სრულად მიწოდება, რის გამოც შეწყდა ხელშეკრულება“, - წერს აუდიტი.

აუდიტის რეკომენდაციაა, დეპარტამენტმა ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების სწორ დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში − ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების დროულად დაზუსტებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები