სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა. გამოქვეყნებული ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში უნებართვო სამუშაოების გამოვლენისა და აღკვეთის კონტროლის მექანიზმები სუსტია.
კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2021-2022 წლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობისათვის გამოვლენილი და დაჯარიმებულია 102 პირი, საჯარიმო სანქციები კი საკურორტო ზონაში მდებარე კომერციული ობიექტების მშენებლობებისას არის გამოყენებული.
“საკითხის შესწავლით დგინდება, რომ მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის არსებული სისტემა გაუმართავია, რაც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების დროულ გამოვლენას. კერძოდ: მერიამ გამოავლინა უნებართვო მშენებლობის 53 შემთხვევა და შესაბამისი პირები დააჯარიმა ობიექტის სამუშაოების დასრულების ეტაპზე, ან როდესაც სამშენებლო სამუშაო დასრულებული იყო და ობიექტი ფუნქციონირებდა.
აუდიტის ჯგუფმა შერჩევით დაათვალიერა ქალაქში და საკურორტო ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო სამუშაოები. გამოვლინდა, რომ 11 ობიექტზე კერძო პირები სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდნენ შესაბამისი ნებართვის გარეშე. აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოების შემდგომ, მოცემულ ობიექტებზე მუნიციპალიტეტმა დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის დასკვნა: უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამოვლენისა და აღკვეთის პროცესის კონტროლის მექანიზმები სუსტია. კერძოდ, მუნიციპალიტეტი საჭირო ინტენსივობით არ ატარებდა მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგს. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები, მერიამ დაგვიანებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ გამოავლინა და არ განახორციელა სათანადო რეაგირება მშენებლობის შეჩერების მიზნით.
აუდიტის რეკომენდაცია: მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიმდინარე მშენებლობების ინტენსიურ მონიტორინგს და უნებართვო მშენებლობების დროულ გამოვლენას. ამასთანავე, შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების ფაქტები და გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.