სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს. გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისას, რომელთა ღირებულებაც 2 მილიონ ლარს აღემატება, სამუშაოების ნაწილზე დადგენილი ხარისხი მიღწეული არ არის.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021-22 წლებში მუნიციპალიტეტმა 33,7 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები 162 ხელშეკრულებით განახორციელა. დათვალიერების ფარგლებში, აუდიტის სამსახურმა 8 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულებაც 2 მილიონ ლარს აღემატება (2 153 500₾), ხარვეზები გამოავლინა.
“მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. დათვალიერების შედეგად ხარვეზები გამოვლინდა 8 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 2,153.5 ათასი ლარია.
კერძოდ, დაზიანებულია კულტურის ცენტრი, სანიაღვრე არხი, საავტომობილო გზა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.
აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მერიამ ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით 8 შემთხვევიდან 5 შემთხვევაში მიმართა მიმწოდებლებს” - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.