მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახურს კითხვები აქვს ენგურჰესის ორ კონსულტანტზე, რომლებსაც ₾280,000-ის ხელფასი მისცეს

ენგურჰესი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ენგურჰესის“ 2022-2023 წლების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო კომპანიაში არსებულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით უწყებას კითხვის ნიშნები აქვს.

"კომპანიაში დასაქმებულ ორ მრჩეველსა და ორ კონსულტანტთან გაფორმებული ხელშეკრულებები კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობების გარეშე იყო შედგენილი. აუდიტორებმა ვერ მიიღეს დამადასტურებელი დოკუმენტები მათი საქმიანობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის 279,913 ლარის ანაზღაურება და 14,850 ლარის პრემია გაიცა,"- ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ერთ თანამშრომელს 7,500 ლარი აუნაზღაურდა გამოუყენებელი შვებულებისთვის, თუმცა ეს შრომის კოდექსის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

აუდიტის დასკვნით, კომპანიაში სამუშაო დროისა და შრომითი ხელშეკრულებების კონტროლი სუსტია, რაც ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვას იწვევს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიაში ასევე დაფიქსირდა საწვავის არამართლზომიერი ხარჯვის შემთხვევები. კერძოდ, სახელმწიფო დაფინანსებით საწვავის შეძენა გრძელდებოდა იმ ავტომობილებზე, რომელთა განმკარგავი პირებიც კონკრეტულ თარიღებში შვებულებაში იმყოფებოდნენ. აღნიშნულმა ხარჯმა 9,663 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, საწვავი იხარჯებოდა სპეციალურ ტექნიკაზე შესრულებული სამუშაოებისთვის, თუმცა აუდიტის თანახმად, კომპანიამ ვერ წარმოადგინა GPS მონაცემები და დოკუმენტური მტკიცებულება, რაც ხარჯების მიზნობრიობას დაადასტურებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები