“აუდიტის სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან არანაირი შეხება არ აქვს”, - ასე აფასებს IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი „ოცნების“ მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ანტიკორუფციული ბიურო უქმდება და აუდიტის სამსახურს დაექვემდებარება. საკითხზე მან BMG TV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის აუდიტის სამსახურში გადატანა აბსოლუტურად შეუთავსებელია, არ უნდა გადავიდეს. თავის დროზე სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აკონტროლებდა საქართველოში მოსმენებს. ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ევროკავშირიდან ამ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის. ყოვლად წარმოუდგენელია აუდიტის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთმანეთთან შერწყმა. არც ფუნქციურად, არც აზრობრივად, არც ინსტიტუციურად არანაირ თანხვედრაში არ არიან.
თუ ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევაში რაღაც ლოგიკა შეიძლება კიდევ მოინახოს, იქიდან გამომდინარე რომ აუდიტის სამსახური თავისი არსით საჯარო სექტორის ფინანსური მაკონტროლებელი ორგანოა და აქ რაღაც დონეზე მსჯელობა იყოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შერწყმა სრულიად გაუგებარია.
ფუნქციურად აბსოლუტურად განსხვავებული საკითხებია. პერსონალურ დაცვის სამსახური ერთ-ერთი საჯარო დაწესებულებაა, რომელიც კერძო სექტორზეც მუშაობს, აუდიტის სამსახური კი მხოლოდ სახელმწიფოზე და ბიუჯეტის ხარჯვაზეა კონცენტრირებული. ეს იმდენად შეუსაბამოა, რომ კითხვა ისმის - რატომ აკეთებენ ამას? ერთ-ერთი პასუხი ამ შემთხვევაში არის ის რომ უბრალოდ უნდა გააუქმონ ის, რაც ევროინტეგრაციის გზაზე შეიქმნა ევროპელი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით. ეს მოთხოვნები მხოლოდ ჰაერზე დამკვიდრებული მოთხოვნები არ არის“, - აცხადებს ლევან ავალიშვილი.
მისივე შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროც დამოუკიდებელ ინსტიტუციად უნდა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.
„ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიზანი დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნა იყო და არა იმ ორგანოსი, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ექნებოდა. 2022 წელს როდესაც ამაზე საუბარი მიდიოდა, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოში მაღალ ნიშნულზე არსებული ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა იყო და არა პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული სამსახურის. ანუ მას უნდა ჰქონოდა სხვანაირი არჩევის წესი, მისი ხელმძღვანელი მაღალი კვორუმით უნდა დანიშნულიყო და საგამოძიებო ფუნქცია უნდა ჰქონოდა“, - აღნიშნა ავალიშვილმა.




























