"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (ჯივიპი) ახალმა მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო სისტემების სიღრმისეული აუდიტი დაასრულა.
კვლევამ აჩვენა, რომ დღეს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს როგორც მყისიერ რეაგირებას, ასევე განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებასა და მასშტაბურ ინვესტიციას. ამის შესახებ ჯივიპის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.
ჯივიპის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით. აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%.
ამასთან, წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის აუდიტის შედეგად ქსელზე დაზიანებების სხვა გამომწვევი მთავარი პრობლემები და კრიტიკული მონაკვეთები გამოიკვეთა.
2022 წელს წყალმომარაგების ქსელზე აღრიცხულია 18 000-ზე მეტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 17 000-ზე მეტი ავარიული დაზიანება.
თბილისში, წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს მინიმუმ 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია).
ინფორმაციისთვის: დღეისათვის, მხოლოდ თბილისში, კომპანია მართავს 4000 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 1500 კმ წყალარინების ქსელებს, 5 სათავე ნაგებობას, 3 ლაბორატორიას, 350 მ3 მოცულობის 113 სამარაგო რეზერვუარს, 64 სატუმბო და 156 წნევის გამაძლიერებელ სადგურს.