მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტმა გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები გამოავლინა

648eeb946988b
ალა ისპირიანი
18.06.23 15:48
512
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები გამოვლინდა.

კერძოდ, 546.8 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს. 

ამასთან, მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და მართვის პროცესები. შედეგად, 407.0 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას ვერ უზრუნველყო დასახული მიზნის მიღწევა.

ასევე აუდიტის თანახმად, სამუშაოების სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულების მიზნით, მერიამ განახორციელა გამარტივებული შესყიდვები, თუმცა ვერ მოახერხა პროცესის სწორად წარმართვა და მიმწოდებლების იმგვარი შერჩევა, რაც უზრუნველყოფდა სამუშაოების დროულად დასრულებას. 19-დან 15 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე არ დასრულდა. მათ შორის, დაგვიანდა 13 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ორი სკოლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულება შეწყდა. 

აუდიტის რეკომენდაციაა: მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები