სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის თანახმად, მერიაში საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების ხარვეზები გამოვლინდა.
კერძოდ, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებები სამუშაოების დროულად დაუსრულებლობისთვის საჯარიმო სანქციას ინფრასტრუქტურული პროექტის საორიენტაციო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ითვალისწინებდა.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, მუნიციპალიტეტმა ზოგიერთ შემთხვევაში არ დაიცვა აღნიშნული მოთხოვნა და მიმწოდებლებს საჯარიმო სანქციები ნაკლებობით დაარიცხა, კერძოდ:
4 შესყიდვისათვის,18 შესასრულებელი პროექტის საორიენტაციო ღირებულების ნაცვლად, მერიამ საჯარიმო სანქციები მიმწოდებლებს დააკისრა ხელშეკრულების ღირებულების მიხედვით, რამაც სულ − 0.8 ათასი ლარი შეადგინა.
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებლები უნდა დაჯარიმებულიყვნენ 32.9 ათასი ლარით, რაც 32.1 ათასი ლარით აღემატება დარიცხულ საჯარიმო თანხას.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში მერიამ სათანადოდ არ დაიცვა ხელშეკრულებების პირობები და მიმწოდებლები 32.1 ათასი ლარით ნაკლები თანხით დააჯარიმა. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა დამატებითი ფინანსური რესურსი ვერ მიიღო.
აუდიტის რეკომენდაციით, მერიამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია/წესი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შესახებ.
ამასთან, დოკუმენტით დეტალურად უნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები.აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს