საქართველოში მოქმედი აუდიტორული ფირმებისთვის ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნები ფართოვდება - ამას პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტი ითვალისწინებს. ცვლილებების ინიცირება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება და მისი მიხედვით, აუდიტორულ კომპანიებს გამჭვირვალობის ანგარიშების წარდგენის ვალდებულება ექნებათ.
აუდიტორული კომპანიებს ამჟამად მათ ყოველწლიურ ფინანსურ შედეგებს, დასაქმებულთა რაოდენობას, ასევე მფლობელების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ.
“კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა და სრულყოფა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება. პროექტის ძირითადი ნაწილი გამომდინარეობს არსებული პრაქტიკის დახვეწით და დაგროვილი პრაქტიკის ანალიზით, თუმცა რიგი საკითხების მოწესრიგება დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასთან.
მას შემდეგ, რაც 2014 წლის სექტემბრის შემდეგ „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ნაწილობრივ შევიდა ძალაში, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საკანონმდებლო საქმიანობამ მოითხოვა სამართლებრივი დაახლოების პროცესთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება და კანონშემოქმედებით საქმიანობაში ცალკეული დეტალების ინტეგრირება. კერძოდ, 2016 წელს აღნიშნული კანონი დაახლოვდა 2006 წლის 17 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივასთან წლიური ანგარიშებისა და კონსოლიდირებული ანგარიშების კანონით დადგენილი აუდიტის განხორციელების შესახებ. აღნიშნულს მოწმობს 2022 წლის ივლისში გამართული, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ქვეკომიტეტის სხდომაც. ევროკომისიის წარმომადგენლების მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების და აუდიტის მიმართულებით განხორციელებული რეფორმა ძირითადად წარმატებულად ჩაითვალა, ხოლო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - ყველა ძირითად ასპექტში შესრულებულად. თუმცა, გარდა აღნიშნულისა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტისას, გამოვლინდა საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამობა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის რეგულაციასთან (EU) No 537/2014 „საზოგადოებრივი დაინტერესების პირების სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნების შესახებ, რომლითაც უქმდება კომისიის გადაწყვეტილება 2005/909/EC“ (რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ხელს შეუწყობს „წლიური და კონსოლიდირებული ანგარიშგების სავალდებულო აუდიტის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 17 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივის ნორმების შესრულებას). კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული რეკომენდაციებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს აუდიტორებისთვის/აუდიტორული ფირმებისთვის აკრძალული არაუდიტორული სერვისების სია (რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად) და ასევე, რიგ შემთხვევებში ნებადართული არააუდიტორული მომსახურებების შესახებ ინფორმაცია (მე-4 მუხლი). რეგულაციის აღნიშნული მუხლები ასევე შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა აუდიტორული ფირმებისათვის გამჭვირვალობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულების შემოღება.
რეგულაციით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა ხელს შეუწყობს რეფორმას აუდიტორების მხრიდან დაცული იქნეს დამოუკიდებლობა სდპ-ებისათვის (მაგ: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ) აუდიტორული მომსახურებების განხორციელებისას,”- ნათქვამია პარლამენტის ვებ-ვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.