მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური ანგარიშგების წარდგენის 95%-იანი მაჩვენებელია, მიზანი კიდევ უფრო გაზრდაა - SARAS ჯარიმების ზრდაზე

ანგარიშგება

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ საწარმოების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, თუმცა რიგი კომპანიები ამ ვალდებულებას მაინც არიდებენ თავს.

როგორც სამსახურის უფროსმა, დავით მჭედლიძემ BMG-ის განუცხადა, შესაბამის ვალდებულებას საშუალოდ კომპანიების 95% ასრულებს, თუმცა უწყების მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს, განსაკუთრებით მსხვილი საწარმოების შემთხვევაში.

დავით მჭედლიძის განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ისახავს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მათ შორის, ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის საჯარიმო სანქციები მკაცრდება.

„კომპანიების მხრიდან ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მაღალი, 95%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ყველა სუბიექტი თანაბარ პირობებში იყოს. ჯარიმების ზრდასთან დაკავშირებული ცვლილება განსაკუთრებით მსხვილ კომპანიებს, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს ეხებათ, ვცდილობთ, რომ მათთან მიმართებაში წარდგენის მაჩვენებელი 100%-მდე გავზარდოთ. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არიდებენ კომპანიები ანგარიშგების წარდგენას თავს, მათ ბოლომდე არ აქვთ ის სარგებელი გააზრებული, რაც გამჭვირვალობას ახლავს თან. ესაა მეტი ნდობა საზოგადოებასა და ინვესტორებში, ასევე ფინანსურ რესურსებზე მეტი წვდომა”, - განაცხადა დავით მჭედლიძემ.

ცნობისთვის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებები შედის. მათ შორის, ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის საჯარიმო სანქციები მკაცრდება. კერძოდ, იმ საწარმოებს, რომლებიც ზედიზედ ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფინანსურ ანგარიშგებებს არ წარადგენენ, ხუთმაგი ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები