დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონპროექტში შესატან ცვლილებები განიხილეს.
კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის მიზანია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს, საქართველოს საგადახდო კანონის ვეროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება ეტაპობრივად და ამასთან დინამიკურად.
მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, რომელიც კანონად ქცევის შემთხვევაში 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხორციელდება შემდეგი ცვლილებები:
- პროექტის შესაბამისად, განისაზღვრება ტერმინი „ქსელი“, როგორც - თანამშრომლობაზე ორიენტირებული ფართო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და რომელიც ცალსახად მოგებაზე ან ხარჯების განაწილებაზე არის ორიენტირებული ან წარმოადგენს საერთო საკუთრებას, ექვემდებარება საერთო კონტროლს ან მართვას, გააჩნია საერთო ხარისხის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, საერთო ბიზნეს სტრატეგია, იყენებს საერთო საფირმო სახელწოდებას ან პროფესიული რესურსების მნიშნელოვან
ნაწილს. - ასევე, ზუსტდება საერთაშორისო სტანდარტის სათაური, როგორც სიტყვა "სტანდარტი“. ამასთან, განისაზღვრება, რომ იმ სუბიექტის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs).
- აუდიტორული სამსახური ვალდებული იქნება წარდგენილი ანგარიშგება გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით, საქართველოში არ მოითხოვება აუდიტორული ფირმებისაგან გამჭვირვალობის ანგარიში.
- დგინდება, რომ გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი დასაქმებული იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას.
- იცვლება სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადების განხილვის ვადა. გარდა ამისა, დგინდება გამჭვირვალობის ანგარიშის გასაჯაროების ვალდებულება, კერძოდ, განისაზღვრება, რომ აუდიტორული ფირმა, რომელიც ფინანსური ანგარიშგების აუდიტს უწევს
სდპ-ს, (საზოგადოებრივად დაინტერესებული პირები) ვალდებული იქნება თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, საკუთარ ვებგვერდზე გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. - ახალი რედაქციით დგინდება, რომ მატერიალური ფორმით გაგზავნილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას განმეორებით ეგზავნება, ხოლო განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სამსახურის ვებგვერდზე (www.saras.gov.ge) გაასაჯაროოს ინფორმაცია ჩაუბარებელი დოკუმენტის შესახებ, რაც ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.
- დარღვევასთან დაკავშირებული სანქციის დაკისრების თაობაზე სამართლებრივი აქტის გასაჯაროებამდე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სუბიექტის მიმართ გაცემულ ფულადი ჯარიმის აქტთან დაკავშირებულ შეტყობინებას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს, რომელიც სავალდებულო შეტყობინების ფორმით გაუგზავნის ადრესატს ინფორმაციას აქტის თაობაზე.
- ასევე ხორციელდება ცვლილება და ზუსტდება, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში სამსახური გამოიყენებს ჯერ წერილობით გაფრთხილებას, აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ჯარიმის გაორმაგება. ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სუბიექტი დააჯარიმოს საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.
- სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.
ასევე, მოხდება რამდენიმე ტერმინის ცვლილება/დაზუსტება.
რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესი განისაზღვრება სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მეწარმეთა შესახებ კანონით, რომელშიც ასევე შედის გარკვეული ცვლილებები.